პუბლიკაციები
დასავლეთ საქართველოს დედაქალაქის - ზუგდიდის საკრებულო სააკაშვილის პარტიის კონტროლქვეშ მოექცა

 საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 14 თებერვალს ოპოზიციამ საკრებულოს თავმჯდომარედ ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის წევრი – გიგა ფარულავა აირჩია.

ფარულავას კანდიდატურას მხარი დღეს 25-ვე ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაუჭირა, მათ შორის, ერთიან ნაციონალურმა მოძრაობამ. კენჭისყრაში ქართული ოცნების დეპუტატებს მონაწილეობა არ მიუღიათ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 45-წევრიან საკრებულოში ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 22 დეპუტატი ჰყავს, 20 ქართულ ოცნებას, 3 კი – პარტია საქართველოსთვის.

გიგა ფარულავა, 2019 წლის ივლისიდან, 2021 წლის მარტის ბოლომდე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე იყო. მან თანამდებობა გიორგი გახარიას პრემიერმინისტრის პოსტიდან წასვლის შემდეგ, მარტში დატოვა. მანამდე, 2017-2019 წლებში, იგი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და მერიაში შესყიდვების სამსახურებს ხელმძღვანელობდა.

საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ, გიგა ფარულავამ თითოეულ დეპუტატს, რომელთაც გადადგეს „ნაბიჯი კრიზისის დასრულებისთვის“, მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ეს პოსტი მისთვის არის არა „კომფორტის ზონა“, არამედ „პასუხისმგებლობა“ ქალაქისა და ამომრჩევლის წინაშე.

იმის გათვალისწინებით, რომ ზუგდიდის საკრებულოში უმრავლესობა არცერთ პარტიას აქვს, ფარულავამ იმედი გამოთქვა, რომ ზუგდიდი იქნება „ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებისა“ და „ურთიერთთანამშრომლობის“ მაგალითი.

მანვე საკრებულოს დეპუტატებს პარტიულ ინტერესებზე მაღლა დადგომისა და ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე ქმედებებისკენ მოუწოდა.

თავის მხრივ, დღეს ზუგდიდის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს „პოლიტიკური სპექტაკლი“ და გახარიას გუნდსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის „მორიგი პოლიტიკური ქორწილი“ უწოდა ქართული ოცნების დეპუტატმა, ოთარ ქადარიამ.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ „დანარჩენს ხალხი ნახავს და საზოგადოება შეაფასებს, ვინ ვინ არის, ვინ ვისი პროექტია და ვინ ვისი ნაწილაკია“. „თუ რამე მუნიციპალიტეტისთვის საკეთილდღეო საკითხს გაიტანენ, ჩვენ მოხარულნი ვიქნებით და მხარს დავუჭერთ, თუმცა ძალიან მეეჭვება, რომ ეს ასე მოხდეს“, – დასძინა ქადარიამ.

საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი გახარიას თანაგუნდელის დანიშვნას ზუგდიდის „სირცხვილი“ უწოდა 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებისას ერთ-ერთი დაზარალებულის, კობა ლეთოდიანის შვილმა, ნათია ლეთოდიანმა, რომელიც ზუგდიდის საკრებულოს სხდომას ესწრებოდა.

მისივე თქმით, არც ქართულ ოცნებას, არც ნაციონალურ მოძრაობას და არც გახარიას თანაგუნდელებს საზოგადოებასთან თემირლან მაჩალიკაშვილზე, ია კერზაიასა და 20 ივნისის მოვლენებზე საუბრის მორალური უფლება აღარ აქვთ. „ამომრჩეველს რა პასუხი უნდა გასცეს ოპოზიციამ, ძალიან მაინტერესებს“, – მიმართა მან ოპოზიციონერ დეპუტატებს.

გახარიას თანაგუნდელის ზუგდიდის საკრებულოს თავჯდომარედ არჩევა ქალაქისთვის და მისი გულშემატკივრებისთვის „უკიდურესად მცდარ“ და „საზიანო“ გადაწყვეტილება შეაფასა, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას ვაჟმა, ბაჩანა შენგელიამ.

„არ შეიძლება კრიმინალთან შეთანხმება, არ შეიძლება მორალთან კომპრომისი! ამ გადაწყვეტილების შედეგს ისევ ჩვენ მოვიმკით და თან მალე. ძალიან გულდასაწყვეტია“, – დაწერა მან Facebook-ზე.

ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს ინსულტით გარდაიცვალა. მანამდე, იგი ამბობდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ, მას მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ აგიტაციის გაწევას სთხოვდნენ. კერზაიას ოჯახი მისი გარდაცვალების მიზეზად სწორედ მის წინააღმდეგ განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლასა და წნეხს ასახელებს. იმ დროს შს მინისტრი ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი გახარია იყო.

ზუგდიდი რუსთავის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს საკრებულოების შემდეგ, უკვე მეოთხე ქალაქია, სადაც ოპოზიციამ შეთანხმება შეძლო და ოპოზიციონერი თავმჯდომარე აირჩია.

დღეის მდგომარეობით, თავმჯდომარე ჯერ კიდევ ასარჩევია სენაკისა და ბათუმის საკრებულოებში, რომლებშიც ერთპარტიული უმრავლესობა 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ არცერთ პოლიტიკურ ძალას აქვს.

საქინფორმი: ეს არის ლოგიკური შედეგი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ არაპროფესიონალური საქმიანობისა რეგიონში, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა. 10 წლის განმავლობაში ახალი ხელისუფლება სამეგრელოში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მძლავრი რესურსების წყალობით ლიდერობდა და მილიარდერის პოლიტიკიდან ოფიციალური წასვლის შემდეგ ის დაკარგა. რეგიონებში მუშაობის გააქტიურების ნაცვლად, მმართველმა პარტიამ ის მაშინდელ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადასცა, ამ უკანასკნელის მეგრული წარმომავლობის გათვალისწინებით. როგორც მოგვიანებით გაირკვა, პრემიერ-მინისტრი პირადად გაემგზავრა ზუგდიდში საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად არა „ქართული ოცნების“ მიზნებისთვის - გასული წლის იანვარში გახარია გადადგა და საკუთარი პარტია შექმნა, რომელმაც თემატური ალიანსი შექმნა სააკაშვილის ნაციონალურ მოძრაობასთან“ ადგილებზე. გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ წაიყვანა „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა 10%-ზე მეტი, რომელმაც „ვერ შეამჩნია“, რომ პრემიერ-მინისტრი გახარია პრაქტიკულად აგრძელებდა სააკაშვილის პარტიის კურსს არა მხოლოდ საგარეო, არამედ საშინაო პოლიტიკაშიც: დღეს ფეისბუქზე ვრცელდება პრემიერ-მინისტრ გახარიას განკარგულება ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის 99 წლით თურქულ კომპანიისთვის 1 ლარად (30 ცენტი) გადაცემის შესახებ, რომელმაც მისი მშენებლობა იკისრა! ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის მიერ დასახული ეს პროექტი ჩაიშალა რიონის ხეობის მცხოვრებლების თავგანწირული გმირული პროტესტის წყალობით, რომლებიც სამშენებლო მოედანზე მრავალი თვის განმავლობაში გვერდი-გვერდ იდგნენ და სამშენებლო ტექნიკას იქ არ უშვებდნენ.