საზოგადოება
საკრებულოს სხდომა ოპოზიციონერებმა ხმაურით დატოვეს

sakrebulo_bigრესპუბლიკელ თინათინ ხიდაშელის ინიციატივა თბილისის საკრებულოში, რომელიც 2011 წლის 26 მაისის სისხლიან მოვლენებთან დაკავშირებით კომისიის შექმნას ითვალისწინებდა, უმრავლესობამ არ მიიღო. საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ აღნიშნული საკითხის კენჭისყრა ჩააგდო. საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილმა და უმრავლესობის წევრებმა განაცხადეს, რომ საკრებულოში უკვე არსებობს ადამიანის უფლებათა კომისია, რომელსაც შეუძლია, 26 მაისის მოვლენები გამოიძიოს. საპასუხოდ კი, ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ წევრმა ზაზა გაბუნიამ განმარტა, რომ ამ კომისიას აღნიშნული ფაქტების გამოძიების ძალა არ შესწევს.

გაბუნიას განცხადებას საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარე ინგა გრიგოლიამ განაცხადა, რომ, რადგანაც საკრებულოს არ სურდა, ემსჯელა თბილისში 26 მაისს მომხდარ მოვლენებზე, „ქრისტიან-დემოკრატების“ ფრაქცია სხდომაზე აღარ დარჩებოდა.

„ქრისტიან-დემოკრატებს“ სხვა ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც მიბაძეს და სხდომა დატოვეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ზაზა გაბუნიასა და განათლების კომისიის თავმჯდომარე ვატო ნაცვლიშვილს (ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი) შორის სიტყვიერი კამათი გაიმართა. საქმეში სამოქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე ხვიჩა სანაიაც ჩაერთო, რომელიც გაბუნიასკენ იწევდა, თუმცა დეპუტატებმა მათი გაშველება მოახერხეს.

„ჩვენ სპეციალური კომისიის შექმნას ვითხოვდით დაკარგულთა, დაზარალებულთა და დაკავებულთა შესახებ გამოძიების ჩასატარებლად, რასაც არ დაეთანხმა „ნაციონალური მოძრაობა“ და ჩვენი უთანხმოებაც ნელ-ნელა კამათსა და სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. არაფერი განსაკუთრებული ერთმანეთისთვის არ გვიკადრებია, დაპირისპირების ტემპერატურა გაიზარდა და ამ დროს ჩვეულებრივი ამბავია სიტყვიერი დაპირისპირება“-განაცხადა საქინფორმთან საუბრისას ზაზა გაბუნიამ.