საქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლოში საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიმდინარე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესიდან პარტია „კანონი და სამართლის“ ხელმძღვანელი თაკო ჩარკვიანი მანდატურებმა გაიყვანეს.
სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ სააკაშვილმა პროკურორებს სამშობლოს მოღალატეები უწოდა, რასაც მოსამართლე გამოეხმაურა.
„ბატონო მიხეილ, სამშობლოს მოღალატე უწოდო საჯარო მოხელეს, ეს ისეთი მძიმე მოსასმენია, რომ ამას მეორე მხარე ვერ გაგიტარებთ“, – აღნიშნა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა.
ამის შემდეგ სასამართლო დარბაზში მყოფმა თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, რომ „სირცხვილია, კორუფციონერები ასამართლებდნენ მესამე პრეზიდენტს“. მისივე თქმით, ეს არის ისტორიული სასამართლო. ჩარკვიანმა სასამართლოს პროცესს სამარცხვინო უწოდა.
მოსამართლემ მას სიმშვიდისკენ მოუწოდა, რის შემდგაც თაკო ჩარკვიანი მანდატურებმა სასამართლო დარბაზიდან გაიყვანეს.
ამასთან, მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა თაკო ჩარკვიანს მიმართა:
„ერთი თხოვნა მექნება, ვინც იღებთ პროცესში მონაწილეობას, ძალიან გთხოვთ, თუ მიგაჩნიათ, რომ სამარცხვინო, ფარსია და ა.შ. საკუთარი ნებით ნუ ჩაერთვებით ამ ფარსში, ამ სამარცხვინო პროცესში, დარჩით სახლში, ინტერესის შემთხვევაში, ტელევიზიიდან ადევნეთ თვალი. ეს პროცესი რომ ისტორიულია, მე არავის მხრიდან ამის შეხსენება არ მჭირდება, კარგად მაქვს გაცნობიერებული, რა პროცესს ვუძღვები, მაგრამ უნდა მომცეთ შესაძლებლობა, რომ ამ პროცესს გავუძღვე სრულფასოვნად და სრულყოფილად“, – აღნიშნა მოსამართლემ.
პროკურატურა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვას ედავება. საუბარია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვაზე. აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით გაფლანგვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან 11 წლამდე ითვალისწინებს.
გამოძიების ინფორმაციით, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სდსს-ის უფროსის თეიმურაზ ჯანაშიასა და ოთარ ქველიძის მონაწილეობით, მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სდსს-თვის გამოყო თანხები.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, 2009 წლის პირველი მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის დავალებითა და ორგანიზებით, მისი პირადი მიზნებისთვის, აღნიშნული თანხიდან არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367.34 ლარი. საგამოძიებო უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ აღნიშნული ხარჯების ჩამოწერა სდსს-ის უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ხელმძღვანელობით განხორციელდა საიდუმლო დოკუმენტებით, რომლებსაც გრიფი „საიდუმლო“ უკანონოდ მიენიჭა.