პოლიტიკა
ოპოზიციური „რვიანის“ განცხადება მიტინგის დაშლასთან დაკავშირებით

ak11ოპოზიციურმა „რვიანმა“ გაავრცელა განცხადება რუსთაველის გამზირზე მიტინგის დაშლასთან დაკავშირებით.

როგორც მასშია აღნიშნული, 26 მაისს ღამის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ რუსთაველის გამზირზე განახორციელა მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევა, რომლის შედეგად დაკავებული და დაშავებულია ასობით დემონსტრანტი; ამ წუთის მონაცემებით, გარდაცვლილია 2 მოქალაქე.

ჩვენ მწუხარებას გამოვთქვამთ ამ ტრაგედიის გამო და ღრმა სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს.

განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ მასშტაბური ძალადობის მსხვერპლთა უფლებების დასაცავად აუცილებელია ქმედითი ნაბიჯების დაუყოვნებლივ გადადგმა, განსაკუთრებით, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან.

„აღნიშნული ოპერაცია ჩატარდა ისეთი ფორმითა და მეთოდებით, რომელიც მომიტინგეებს არ უტოვებდა ტერიტორიის დატოვების საშუალებას და მიზნად ისახავდა არა დემონსტრაციის კანონიერად დაშლას, არამედ აქციის რაც შეიძლება მეტი მონაწილის დაკავებას, ფიზიკურ ანგარიშსწორებას და სამაგალითოდ დასჯას. მიხეილ სააკაშვილმა, როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებმა პირმა, და ამ გადაწყვეტილების შემსრულებლებმა გადააჭარბეს საკუთარ უფლებამოსილებას და კიდევ ერთხელ იძალადეს მოქალაქეებზე, რის გამოც ხელისუფლებას ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა განვითარებულ მოვლენებზე.

ამასთან, ბოლო მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რევოლუციური გზის უპერსპექტივობა და ის გაუმართლებელი რისკები, რაც ამ შემთხვევაში ჩვენს თანამოქალაქეებსა და ჩვენს ქვეყანას ემუქრება.

საჭიროა სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალების მეტი კონსოლიდაცია, რათა დემოკრატიული სამყაროს მხარდაჭერით, სამართლიანი არჩევნებისთვის ბრძოლის გზით გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მომავალი, როგორც დღევანდელი ხელისუფლების, ისე რევოლუციური რყევებისგან“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ „რვიანის“ წარმომადგენლები: „ახალი მემარჯვენეები“, „ეროვნული ფორუმი“, „კონსერვატიული პარტია“, „საქართველოს გზა“, „თავისუფალი დემოკრატები“, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, რესპუბლიკური პარტია და ხალხის პარტია.