საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. 2021 წლის ბოლო სამ თვეში, წინა კვარტალთან შედარებით, 80.95%-ით გაიზარდა იმ პირთა რაოდენობა, ვისაც საქართველოში ჰუმანიტარული სტატუსი მიენიჭა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემების თანახმად, ოქტომბერ-დეკემბერში ჰუმანიტარული სტატუსი 38-მა პირმა მიიღო, საიდანაც ყველაზე მეტი, 10 ადამიანი სირიის მოქალაქეა, 9 კი ავღანეთის. ამავე პერიოდში ჰუმანიტარული სტატუსი მიენიჭა ერაყის 5 და უკრაინის 4 მოქალაქეს. მეორე კვარტალში (აპრილი-ივნისი) ჰუმანიტარული სტატუსი სულ 5 პირს მიენიჭა, ხოლო პირველ კვარტალში (იანვარი - მარტი) 11-ს.
ამავე პერიოდში გაზრდილია თავშესაფრის მაძიებელთა სტატისტიკაც - 2021 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, საქართველოში 232 თავშესაფრის მაძიებელია რეგისტრირებული, რაც წინა სამი თვის მაჩვენებლებთან შედარებით 59-ით მეტია. თავშესაფრის მაძიებელთა შორისაა ირანის 45, თურქეთის 35, ხოლო ავღანეთის 7 მოქალაქე.
რაც შეეხება ლტოლვილის სტატუსმინიჭებულ პირებს, გასული წლის ბოლო კვარტალში ეს სტატუსი 14-მა ადამიანმა მიიღო, რაც წინა კვარტლის მონაცემებზე 9-ით მეტია. მათ შორის არიან ირანის, ლიბანისა და სირიის მოქალაქეები.
2021 წლის ბოლო სამ თვეში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა სხვადასხვა ქვეყნის 114 მოქალაქეს (თურქეთი - 13, ეგვიპტე - 11, პაკისტანი - 11 და ა.შ.).
ცნობისთვის, ლტოლვილის სტატუსი ენიჭება პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, იმყოფება საქართველოში, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო და არ შეუძლია ან არ სურს, ამგვარი შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავისი წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.
ჰუმანიტარული სტატუსი კი ენიჭება პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების პირობებს და აკმაყოფილებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილს: იძულებული იყო დაეტოვებინა თავისი წარმოშობის ქვეყანა ძალადობის, გარე აგრესიის, ოკუპაციის, შიგა კონფლიქტების, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ან საზოგადოებრივი წესრიგის მნიშვნელოვანი დარღვევის გამო; სამართლებრივი საფუძვლების, კერძოდ, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების გამო არ შეიძლება იძულებით დაბრუნებულ იქნეს თავისი წარმოშობის ქვეყანაში და რომელსაც არ შეუძლია გაემგზავროს სხვა ქვეყანაში; წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში შეიძლება სერიოზული საფრთხე შეექმნას მის სიცოცხლეს ან დაირღვეს მისი უფლებები.
რაც შეეხება 2020 წლის მონაცემებს, ბოლო კვარტალში (ოქტომბერი - დეკემბერი) საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი 176 პირი დარეგისტრირდა, ხოლო მთელი წლის განმავლობაში ჯამში 864.
2020 წელს ჰუმანიტარული სტატუსი უცხო ქვეყნების 16 მოქალაქეს მიენიჭა, ლტოლვილის სტატუსი კი 10-მა პირმა მიიღო. მთელი წლის განმავლობაში სტატუსის მინიჭებაზე უარი უცხო ქვეყნების 351 მოქალაქეს ეთქვა.