პუბლიკაციები
კონდოლიზა რაისს სააკაშვილის დანახვაც აღარ უნდა

 ჰილარი კლინტონის ვიზიტი მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებოდა – სააკაშვილის მშვიდობიან გადადგომას, კონდოლიზა რაისის ბათუმიდან დემონსტრაციული წასვლა კი ადასტურებს, რომ ვიდრე სააკაშვილი პრეზიდენტია, მას არამც თუ ხელს აღარ ართმევენ მსოფლიო ლიდერები, არამედ საქართველოსაც იგნორირებას უკეთებენ.

ათი დღის წინათ სტამბულიდან კრიალა ლაინერი გამოვიდა. მასზე რამდენიმე „ყოფილი“ პოლიტიკოსი იჯდა, რომლებიც არც თუ ისე დიდი ხნის წინათ მსოფლიოს აზანზარებდნენ. მათ შორის კი პირველი, რასაკვირველია, ჩვენთვის კარგად ნაცნობი ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი იყო. ამ მოგზაურობას გორბაჩოვის ფონდი აფინანსებდა და მათ საქართველოში ლექციები და ბრიფინგები უნდა ჩაეტარებინათ. საბჭოთა კავშირის პირველმა და უკანასკნელმა პრეზიდენტმა გორბაჩოვმა ბოლო წუთს საქართველოში ჩამოსვლაზე უარი განაცხადა. როგორც ქართული პრესა სარკასტულად წერდა, ალბათ, პუპუზას შეპირებული საპროტესტო მიტინგის შეეშინდაო!

გემი ზუსტად დილის ოთხ საათზე შემოვიდა ბათუმის პორტში. დამხდურთა შორის მხოლოდ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარეა, თითქოს ეს მორიგი ტურისტული რეისი იყოს, ასე რომ იწონებს თავს თვითონაც ტურისტი ბატონი პრეზიდენტი. არსად ჩანს სააკაშვილი და ეს იმ დროს, როდესაც წინა დღეს ამერიკის ელჩმა ჯონ ბასმა განაცხადა, რომ ეს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ვიზიტია და კიდევ უფრო განამტკიცებს „სტრატეგიულ (მითიურ – რ.კ.) პარტნიორობას“. აი, აქ კი ხდება ყველასთვის მოულოდნელი რამ – გემბანიდან ჩამოდის ქალბატონი რაისი, ხმის ამოუღებლად ჯდება ამერიკის საელჩოს მანქანაში და პირდაპირ აეროპორტში მიდის, იქიდან კი გოლფის სათამაშოდ ირლანდიაში მიფრინავს. სრული გაუგებრობა და უზარმაზარი სკანდალი!

მაინც სად არის საქართველოს სახელოვანი მხედართმთავარი და პრეზიდენტი? მასმედია დუმს. მაგრამ მე მაინც დავადგინე – იგი ანაკლიაში თავისი საპროგრამო სიტყვით შეშლილი სახით გამოსვლის შემდეგ თავისი საყვარელი თვითმფრინავით პირდაპირ ერთ პატარა იტალიურ ქალაქში გაფრინდა და თავის სიცოცხლეში, ალბათ, პირველად დაესწრო საოპერო წარმოდგენას! თან იქ ახალი ქართველი ვარსკვლავი ქალი გამოდიოდა მთავარ როლში, ჩვენ კი სააკაშვილის სუსტი წერტილები კარგად გვაქვს შესწავლილი.

მაგრამ დავიჯეროთ, რომ ოპერის ვარსკვლავმა, რაოდენ დიდი ტალანტიც იყოს, გადასწონა კონდოლიზას ვიზიტი, რომელიც, როგორც ზევით აღვნიშნეთ, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი უნდა ყოფილიყო?! ძალიან საეჭვოა. მაშ, რა შეიძლება მომხდარიყო? – ამას ვერ გავიგებთ, ვიდრე ქალბატონი რაისი თვითონ არ იტყვის. ჩვენ კი შეგვიძლია მხოლოდ ვარაუდები გამოვთქვათ.

თუ გავიხსენებთ სააკაშვილის არეულ სახეს ანაკლიაში, როდესაც ის პოსეიდონის, ზღვათა მპყრობელის პოზაში იდგა, რაღაც მინიშნებები არსებობს. შეიძლება მან სწორედ მაშინ გაიგო, რომ კონდოლიზა რაისი მასთან არამც თუ არ აპირებს შეხვედრას, არამედ საერთოდ არ აპირებს საქართველოში გადმოსვლას და ეს კრუიზი სწორედ სიმბოლური უნდა ყოფილიყო მისი მხრიდან. გამოდის, ვიდრე სააკაშვილი პრეზიდენტია, მას არამც თუ ხელს აღარ ართმევენ მსოფლიო ლიდერები, არამედ საქართველოსაც იგნორირებას უკეთებენ.

მეტყვიან: – აბა, ივნისის ვიზიტები რას მივაწეროთო? ამაზე მე იმთავითვე დავწერე, მაგრამ ვისაც ეს გამორჩა, კვლავ გავუმეორებ: ივნისში პარიზში შეიკრიბნენ ევროკავშირში ახლადშექმნილი მძლავრი დაჯგუფების წევრები, ანუ საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და მათ „ვეიმარის სამკუთხედი“ შეარქვეს. შეხვედრის დეტალები არ გამოქვეყნებულა, მაგრამ მისი შედეგებიდან გამომდინარე, ალბათ, საუბარი საქართველოს პრეზიდენტზე იყო. ფაქტია, რომ ამის შემდეგ საფრანგეთისა და პოლონეთის მინისტრები, კუშნერი და სიკორსკი პირდაპირ თბილისში გამოფრინდნენ, ხოლო შემდეგ კუშნერმა საკმაოდ არადიპლომატიური ლექციაც კი წაგვიკითხა ტელევიზიით და პროფესიონალი ანალიტიკოსებისთვის სრულიად გასაგები გახდა ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოსა და მისი პრეზიდენტის მიმართ. აი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კი ლავროვთან ერთად დასასვენებლად რუსეთში გაემართა და იქ დაელოდა თბილისში სააკაშვილთან ჩატარებული მოლაპარაკებების შედეგებს. ამის შემდეგ თბილისში ექვსსაათიანი ვიზიტით ჩამოდის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, რომელიც მთელი წელიწად-ნახევარი პრინციპულად არიდებდა თავს სააკაშვილთან შეხვედრას, ისევე, როგორც მისი „ბოსი“ ბარაკ ობამა.

მაინც რა შეიძლება ყოფილიყო ჰილარის მხრიდან პოზიციის 180-გრადუსიანი შეცვლის მიზეზი? – მხოლოდ სააკაშვილი და ის ულტიმატუმი, რაც მას ევროკავშირის წამყვანმა წევრებმა რუსეთთან შეთანხმებით დაუდეს – გადადგომა! ის, რომ მან (ჰილარი კლინტონმა) ზედმიწევნით იცის, თუ რა სიტუაციაა საქართველოში, იქიდანაც გამოჩნდა, რომ მან ოპოზიციის წამყვან ლიდერებთან შესახვედრად ვერ მოიცალა და ამით კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ეს ვიზიტი მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებოდა – საქართველოდან სააკაშვილის მშვიდობიან წასვლას. ხოლო სხვა მიზეზი აქ შემოსასეირნებლად მას არ ჰქონდა.

მაგრამ დავუბრუნდეთ ქალბატონ კონდოლიზა რაისს.

ეს უაღრესად განათლებული ქალბატონია და მისი სპეციალიზაცია საერთაშორისო ურთიერთობებში არის რუსეთის პოლიტიკა. ამასთანავე, მან ზედმიწევნით იცის რუსული ენა. სწორედ აქედან ჩანს ბუშის ადმინიტრაციის პრიორიტეტი – რუსეთთან დაპირისპირება. სწორედ კონდოლიზას რატომ შესთავაზეს ჯერ ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის პოსტი, შემდეგ კი საგარეო საქმეთა მინისტრობა (სახელმწიფო მდივნობა)? აქ იყო პიროვნული მოტივებიც – ბუში დაჩაგრულად გრძნობდა თავს ნეოკონსერვატორების მხრიდან, რომლებიც მას არავითარ ანგარიშს არ უწევდნენ და მხოლოდ კონდი (როგორც მან შეარქვა) უგებდა მას. აქ კონდის საკუთარი მიზეზებიც ჰქონდა – ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი ღიად აცხადებდა პრეტენზიას საგარეო საქმეებზე, რაც მის კომპეტენციაში საერთოდ არ შედიოდა.

საერთოდ, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი იმისთვის არის, რომ განსაკუთრებულ შემთხვევებში პრეზიდენტი შეცვალოს, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა; მაგალითად, ეს ბოლოს ჯონ კენედის მკვლელობისა და რიჩარდ ნიქსონის იმპიჩმენტის შიშით გადადგომისას იყო. მაგრამ დიკ ჩეინი წარმოადგენდა იმდროინდელ სენატში მძლავრი და აგრესიული დაჯგუფების – ნეოკონების ინტერესებს, პირველ ყოვლისა კი ძალიან გავლენიანი სენატორების – ჯონ მაკეინისა და ლუგარის სახით (დღეს მაკეინი ოპოზიციაში გამოირჩევა პრეზიდენტ ობამას ლანძღვა-გინებით). გარდა ამისა, დიკ ჩეინიმ კონდოლიზა რაისის გასაკონტროლებლად სახელმწიფო დეპარტამენტში დასვა თავისი ქალიშვილი ისეთივე თანამდებობაზე, როგორზეც მეთიუ ბრაიზა იყო, ოღონდ ის თავის პირდაპირ სამსახურებრივ მოვალეობას – თავის რეგიონში (ახლო აღმოსავლეთი) მივლინებებს რატომღაც არ ეტანებოდა.

საერთოდ, კონდოლიზა რაისისთვის იმ ადმინისტრაციაში მხოლოდ პირობითად შეიძლებოდა გვეწოდებინა „ქორი“, მაშინ, როდესაც ნეოკონებთან შედარებით ის ნამდვილად „მტრედი“ იყო.

კონდისა და მიშას შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა 2007 წლის ზაფხულში. როგორც ჩანს, მას უკვე ყელში ამოუვიდა მათი დასმული კაცის არაპროგნოზირებადობა. ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს სააკაშვილი, როგორც ყოველთვის, დაუპატიჟებლად ჩადის ვაშინგტონში (დაუჯერებელი ქცევა პრეზიდენტისთვის, რაც ახლახან კიევში გრანდიოზული კონფუზით დამთავრდა – პრეზიდენტ იანუკოვიჩის დაბადების დღეზე დაუპატიჟებლად ჩასვლის შემდეგ იქაურმა პრეს-სპიკერმა შემდეგი განაცხადა: „ჩვენ, უკრაინელები, ზრდილობიანი ხალხი ვართ და დაუპატიჟებელ სტუმარს ხომ ვერ გავაგდებდით!..“).

მაგრამ დავუბრუნდეთ ამერიკას. ჯორჯ ბუშის დაბადების დღე სწორედ 5 ივლისს არის. ჩვენმა ტელევიზიებმა თავის პირველ გამოშვებებში აჩვენეს, თუ როგორ უმღერა სააკაშვილმა ბუშს „ჰეპი ბერთდეი ტუ იუ“, მაგრამ შემდეგ, როგორც ჩანს, მიხვდნენ ან უთხრეს და აღარ აჩვენეს. მაგრამ ეს თურმე მხოლოდ დასაწყისი იყო – ბუშმა სააკაშვილი იმ საღამოს თავის ბანკეტზე არ დაპატიჟა!!! სამაგიეროდ, კონდოლიზა რაისმა ის თავისთან დაიბარა და სასტიკად გათათხა (დეტალები უცნობია). ამის შემდეგ სააკაშვილი მთელი ათი დღით სადღაც გადაიკარგა და მისი ადგილ-სამყოფელი მისმა უახლოესმა წრემაც არ იცოდა, რაც საერთოდ სრულიად დაუშვებელი და უპასუხისმგებლო ქცევაა პრეზიდენტისგან (შემდეგში ეს უპასუხისმგებლობა სისტემატური გახდა). მხოლოდ უკან დაბრუნების შემდეგ დაახეთქა ტყუილი – ხორვატიაში ვიყავი საერთაშორისო კონფერენციაზეო. არადა, დღეს ინტერნეტი არსებობს და მე უმალ გადავამოწმე – არც მშვენიერ ხორვატიაში და არც არსად იმ ზაფხულის დღეებში არავითარი საერთაშორისო თუ ადგილობრივი კონფერენცია არ გამართულა. თუ დასასვენებლად იყო, ეთქვა, მაგრამ იგი სადღაც სწორედ ნერვების დასაწყნარებლად იყო წასული კონდის ლანძღვის შემდეგ. აქედან ჩვენ ადვილად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბუშმა თავის დაბადების დღეზე არ დაპატიჟა და ეს სწორედ კონდოლიზა რაისის რჩევით მოხდა!

ახლა კი მთავარზე გადავიდეთ. ჩვენთვის ავადსახსენებელ 2008 წლის მოვლენებში რა როლი ითამაშა კონდოლიზა რაისმა. გაზაფხულზე სააკაშვილისა და მისი გარემოცვისგან ძალიან აგრესიული მილიტარისტული რიტორიკა წამოვიდა. მაგალითად, ქუთელია გვიმტკიცებდა, რომ რუსებს ჟანგიანი შეიარაღება აქვთო, ხოლო ერთი მასხარა ისტორიკოსი იმასაც ამტკიცებდა, თუ დაგვჭირდა, მოსკოვსაც ავიღებთო. ასე რომ, ჩვენი ტერიტორიების 20%-ის დაკარგვაში მარტო სააკაშვილს არ მიუძღვის ბრალი. ისინი, ვინც ფონს ქმნიდნენ და ხალხს მილიტარისტული ილუზიებით კვებავდნენ, ანალოგიური დამნაშავეები არიან.

ცხადი იყო, რომ სააკაშვილი რუსეთთან აპირებდა ომს, რაც აბსოლუტურად სულელური ავანტიურა იყო და მხოლოდ ქვეყნის დაქუცმაცებას თუ შეუწყობდა ხელს. ვინაიდან 21 მაისს საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა, თავის ავანტიურას ის არჩევნების წინ ვერ დაიწყებდა, ჯერ მისი გაყალბება იყო საჭირო მილიტარისტული პროპაგანდის ფონზე. არადა, აფხაზეთიდან დევნილმა მოსახლეობამ, სამწუხაროდ, დაუჯერა იმ სისულელეს, რომ სააკაშვილს შეეძლო აფხაზეთის ძალის გამოყენებით გათავისუფლება! ხოლო ვინაიდან კავკასიაში ომის საწარმოებლად ყველაზე ხელსაყრელი დრო აგვისტოა, კონდოლიზა რაისი ომის პრევენციისთვის საქართველოში ერთი თვით ადრე, ანუ 9 ივლისს ჩამოვიდა. ის კატეგორიულად მოითხოვდა სააკაშვილისგან, რომ აფხაზეთში შეჭრისგან თავი შეეკავებინა და თუ ამას მაინც გააკეთებდა, ამერიკისა და ნატოს დახმარების იმედი არ უნდა ჰქონოდა.

იმავე დღეს რუსეთის ორმა სამხედრო თვითმფრინავმა ღიად გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და ცხინვალის თავზე რამდენიმე წრე გააკეთა. კონდოლიზამ მესიჯი კარგად გაიგო და, რასმუსის წიგნის მიხედვით, იმავე საღამოს სადილზე სააკაშვილს მოსთხოვა, აფხაზებთან და ოსებთან ხელი მოეწერა თავდაუსხმელობის პაქტზე, რაზეც სააკაშვილი დღემდე უარს ამბობს (გაუგებარია, მაშ, რისთვის არბენინებენ ბოკერიას ჟენევაში?!). სააკაშვილმა მაშინ ეს ისე გაიგო, როგორც თვითონ უნდოდა, ე.ი. აფხაზეთში შესვლა არ შეიძლება, მაგრამ ცხინვალში – კი.

1 აგვისტოს ცხინვალიდან გაიყვანეს ქალები და ბავშვები, რამაც ნათელყო, თუ რა მოხდებოდა უახლოეს დღეებში. მაგრამ სააკაშვილი მოულოდნელად ორიოდე დღით იტალიაში გაფრინდა. რა უნდოდა იქ, ძნელი სათქმელია. რადგან საქართველოდან ის ტელეფონით ვაშინგტონს ვერ დაელაპარაკებოდა, იმიტომ, რომ რუსები მის ნალაპარაკევს მაშინვე ჩაიწერდნენ, ამ საქმეში ჩემი არაკომპეტენტური აზრით, იტალიიდან სააკაშვილი სწორედ ვაშინგტონს ელაპარაკებოდა!

მაგრამ – ვის? ბუშმა (ე.ი. კონდოლიზა რაისმაც) რომ არაფერი იცოდა მის გეგმებზე, ეს პეკინის ოლომპიადის გახსნისას გამოჩნდა მის გაოგნებულ სახეზე, როდესაც მას სწორედ პუტინმა აცნობა ომის დაწყება. ჯორჯ ბუში რომ შეურაცხყოფილად იგრძნობდა თავს პუტინის წინაშე არაინფორმირულობის გამო, გასაგებია. ამიტომაც მას საქართველოს დასაცავად ორი სიტყვაც არ უთქვამს, გარდა იმისა, რომ “რუსები გადამეტებულ ძალას ხმარობენო!”. ხოლო როდესაც ევროკავშირის მაშინდელმა მოქმედმა თავმჯდომარემ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ომის შესაჩერებლად მოსკოვში გაფრენა გადაწყვიტა, მისივე სიტყვებით, ბუშმა მას დაურეკა, სთხოვა არ ჩარეულიყო, “დაე, რუსებმა თბილისი აიღონო!!!”.

საბედნიეროდ, სარკოზიმ მას არ მოუსმინა და თავისი გასაკეთებელი საქმე გააკეთა, ხოლო რუსული ტანკები თბილისიდან 35 კილომეტრში შეჩერდნენ, მიუხედავად იმისა, რომ არავითარი წინააღმდეგობა არ ხვდებოდათ.

მაინც რატომ თქვა ბუშმა ასეთი ფრაზა? ეს ხომ მარტო სააკაშვილზე დაბოღმილი კაცის პოზიცია არ არის, მიუხედავად იმისა, რომ მას საკმარისი მიზეზი ჰქონდა დასაბოღმად – თუნდაც ამერიკის პრესტიჟის შელახვა და მისი უსუსურობის ჩვენება, როდესაც მის პატარა “სტრატეგიულ პარტნიორს” თელავდნენ მოწინააღმდეგის ტანკები?! მაგრამ აქ სხვა პრობლემაც იკვეთება და შეიძლება სწორედ აქ ვიპოვოთ იმ დილემის გასაღები, თუ მის მიერ დაგეგმილ ომამდე ორიოდე დღით ადრე რატომ წავიდა სააკაშვილი იტალიაში და ვისგან მიიღო მან ინსტრუქციები.

გასაგებია, ვის ინტერესებში იყო ეს ომი: რუსები თუ თბილისს აიღებდნენ, პრეზიდენტი სწორედ მაკეინი გახდებოდა, რადგან ობამა სულ მშვიდობაზე ლაპარაკობდა! მაკეინი ომის პარტიის ლიდერი იყო და რუსების აქ შემოსვლით ის უთუოდ იმარჯვებდა საპრეზიდენტო არჩევნებში. სააკაშვილმა კი დაიწყო ეს ავანტიურა, ხოლო მერე შეშინებულმა ორ დღე-ნახევარში, 10 აგვისტოს დილას, კაპიტულაციას მოაწერა ხელი!

გამოდის, რომ მაკეინს სწორედ ჩვენი უბედურების ხარჯზე გაპრეზიდენტება უნდოდა. დასავლეთის პრესა ერთხმად აღნიშნავს, რომ სააკაშვილი მარტო ვერ გაბედავდა ასეთი დონის ავანტიურის წამოწყებას, მაშინ, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტი ღიად გამოდიოდა ამის წინააღმდეგი. ეს თქვა კონდოლიზა რაისმა პოსტის დატოვების წინ, ხოლო მეთიუ ბრაიზა ომის დღეებში მოსკოვში გაფრინდა და რადიოსადგურ “ეხო მოსკვის” ეთერში ბოდიში მოუხადა რუს ხალხს, თქვა: “მთელი ოთხი წელი ვაჩერებდი მაგ... (გიჟსო).” (რამდენად სანდო იყო მისი ეს განცხადება, ეს უკვე სხვა თემაა).

სააკაშვილი რომ თავისი პატრონების წინააღმდეგ ვერ წავიდოდა, ცხადია. მაშ, ვინ შეაგულიანა ის? ეს, სავარაუდოდ, მხოლოდ მისი მენტორი მაკეინი იქნებოდა, რომელმაც აღმოაჩინა იგი და კარიერა გაუკეთა, ან ჯონის მეგობარი და თანამზრახველი ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი შეიძლება ყოფილიყო, სენატორ ლუგართან ერთად.

ჩვენ გვახსოვს, თუ როგორი გამეხებული სახე ჰქონდა კონდოლიზა რაისს, როდესაც ავლაბრის რეზიდენციის წინ ერთობლივ ბრიფინგს ატარებდა სააკაშვილთან ერთად ომის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ. მათ ერთმანეთს ერთხელაც არ შეხედეს და არ გაუღიმეს, ხოლო სააკაშვილმა ლამის შესტირა – ჩვენ მთელმა მსოფლიომ მიგვატოვაო. აქ კომენტარი ზედმეტია, მაგრამ, ჩემი ანალიზით, სწორედ მაშინ Eწაიჩხუბეს საბოლოოდ.

ჯორჯ ბუშმა გადაწყვიტა სააკაშვილისთვის საბოლოო საჩუქარი გაეკეთებინა (მსოფლიოში ერთადერთი “ბუშის ქუჩა” ხომ სწორედ თბილისშია). და აი, ამერიკის პოლიტიკურ პრაქტიკაში უმაგალითო ამბავი მოხდა – ბუშის გადადგომამდე ათი დღით ადრე, მისი თხოვნით, კონდოლიზა რაისმა სახელმწიფო დეპარტამენტში საიდუმლოების პირობებში (არც ერთი ამერიკელი ჟურნალისტი არ იყო მიწვეული) ხელი მოაწერა ბუტაფორიულ “სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიას”. წესით, ასეთ დოკუმენტს პრეზიდენტი უნდა აწერდეს ხელს, მაგრამ, როგორც ჩანს, სააკაშვილის დანახვა კონდოლიზა რაისისთვის უკვე იმდენად ძნელი იქნებოდა, რომ სააკაშვილს, ალბათ, უთხრეს, ვაშინგტონში ფეხი არ დაედგა.

სააკაშვილი ერთ კვირაში ნიუ იორკში მიემგზავრება გაეროს ყოველწლიურ სესიაზე დასასწრებად. შარშან ანალოგიურ სესიაზე ის ერთი კვირით ადრე ჩაფრინდა, ალბათ, აკლიმატიზაცია სჭირდებოდა “მტრული” თბილისის შემდეგ. ერთადერთი, ვისაც მაშინ შეხვდა, თურქმენეთის პრეზიდენტი იყო. ახლა მოდი ვნახოთ, რომელი ქვეყნის ლიდერი გაბედავს და “რუსეთის დამმარცხებელს” (ეს “რუსთავი 2”-ისა და “იმედის” მიხედვით) ჩამოართმევს ხელს...