საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. თუ პარლამენტი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნას გაითვალისწინებს და სამ ოპოზიციონერ დეპუტატს: - შალვა ნათელაშვილს, ელენე ხოშტარიას და ბადრი ჯაფარიძეს მანდატებს შეუწყვეტს, მეათე მოწვევის პარლამენტი მისი არსებობის განმავლობაში 145-წევრიანი იქნება და მისი შემადგენლობის 150 წევრამდე შევსება ვერ მოხდება.
როგორც ცნობილია, ხუთი ოპოზიციური პარტიის - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, “ევროპული საქართველოს“, “ლეიბორისტული პარტიის“, “სტრატეგია აღმაშენებელისა“ და “ლელოს“ საარჩევნო სიები განულებულია. სწორედ ამის გამო აღნიშნული პარტიების მიერ წარდგენილი დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტის შემთხვევაში, პარლამენტში მათი ადგილმოცვლის შეყვანა ვერ ხდება.
გასულ წელს პარლამენტმა ნიკა მელიასა და მამუკა ხაზარაძეს, პირადად განცხადებების საფუძველზე, მანდატი შეუწყვიტა. შედეგად პარტიებმა თითო-თითო მანდატი დაკარგეს.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი პარლამენტს შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის რეკომენდაციით მიმართავს.