პუბლიკაციები
ბელარუსი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს აღიარებს, როცა პუტინი ეტყვის

 საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ 7 თებერვალს განაცხადა, რომ არ გამორიცხავს აღიაროს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა, „როგორც კი მე მივხვდები და პრეზიდენტი [ვლადიმირ პუტინი] მეტყვის, რომ ამის საჭიროებაა“.

ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასმა“ რუსი ჟურნალისტის, ვლადიმირ სოლოვიოვისთვის ლუკაშენკოს მიერ „იუთუბ“ არხის – „Соловьев Live“-ისთვის მიცემულ ინტერვიუზე დაყრდნობით დაწერა, რა დროსაც, ლუკაშენკო დაინტერესდა, იყო თუ არა ამის „სასიცოცხლო აუცილებლობა“.

„ტასის“ ცნობით, ადრე ლუკაშენკო ამბობდა, რომ თუკი მინსკი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებს, „საქართველო მაშინვე აღიგზნება, აღიგზნებიან ქვეყნები, სადაც ტერიტორიული პრეტენზიები არსებობს, მაშინვე აფოფრდება დასავლეთი“ და ეს, ალბათ, თავად რუსეთსაც არ სჭირდება.

მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან ორ კვირაში აღიარა. რუსეთთან ერთად ორი რეგიონის დამოუკიდებლობას სირია, ვენესუელა, ნაურუ და ნიკარაგუა აღიარებენ. ოფიციალური თბილისი და საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი ორ ოკუპირებულ რეგიონს საქართველოს განუყოფელ ნაწილებად მიიჩნევენ.

2009 წელს, მინსკი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებას განიხილავდა, მაგრამ საბოლოოდ ეს ნაბიჯი არ გადადგა. მაშინ ლუკაშენკომ გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მოსკოვმა უარი თქვა იმ ნეგატიური შედეგების გაზიარებაზე, მათ შორის, სანქციების მიმართულებით, რომლებიც ბელარუსს ორი რეგიონის აღიარების შემთხვევაში დასავლეთისგან ელოდა.