უცხოეთი
ალიაქსანდრ ლუკაშენკა: თუ შეცდომებს არ დავუშვებთ, უკრაინა ბელარუსისა და რუსეთის მოკავშირე გახდება

 საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. ბელარუსის ავტოკრატი ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა დარწმუნებულია, რომ მომავალში უკრაინა ბელარუსისა და რუსეთის მოკავშირე გახდება. ამის შესახებ ლუკაშენკამ რუსეთის სახელმწიფო ტელე-რადიო კომპანიის ჟურნალისტ ვლადიმირ სოლოვიოვთან ინტერვიუში განაცხადა შეკითხვაზე, თუ როგორ წარმოუდგენია მას 10-15 წლის შემდეგ სამოკავშირეო სახელმწიფოს მომავალი და რომელი ქვეყანა შეიძლება ამ პერიოდში შეუერთდეს აღნიშნულ გაერთიანებას.

„თქვენ იცით, რომ ბელარუსი უკვე იქაა. ვფიქრობ, რომ ყაზახეთმა (იანვრის მოვლენებით) კარგი გაკვეთილი მიიღო. თუ თქვენ 15-წლიან ვადაზე ლაპარაკობთ, დარწმუნებული ვარ, რომ იქ იქნება უკრაინაც, თუ ჩვენ შეცდომებს არ დავუშვებთ. თურქმენეთი, უზბეკეთი და ტაჯიკეთი, თავიანთი ეკონომიკური აუცილებლობიდან გამომდინარე, ჩემი აზრით, ასევე შემოგვიერთდებიან“, - განაცხადა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ.

უკრაინის გარშემო შექმნილ ესკალაციაზე საუბრის დროს ლუკაშენკამ თქვა, რომ „საფრთხე ერთადერთია, რომ ის (უკრაინა) ძალიან სერიოზულ ქმედებას განახორციელებს დონბასში, დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით“.

ჟურნალისტ სოლოვიოვის შეკითხვაზე, თუ როგორი იქნება ამაზე ბელარუსის მხრიდან რეაქცია, ლუკაშენკამ უპასუხა, რომ ბელარუსი ასეთ შემთხვევაში არ იქნება უკრაინის მხარეზე.

„ცოტა ხნის წინ, როდესაც უკრაინელი (ჟურნალისტი) ამაზე შემეკითხა „დიდ საუბარში“ (ლუკაშენკოს დიდი ყოველწლიური პრესკონფერენციის დროს. - რედ), მე საჯაროდ მივუგე: ხალხო, თქვენ იქნებით უგუნურები, თუ რუსეთს შეეჯახებით, და ჩვენ არ ვიქნებით თქვენთან“, - განაცხადა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ.

მოსკოვმა და მინსკმა „სამოკავშირეო სახელმწიფოს შესახებ“ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს 1999 წელს.

პროექტი დიდი ნაბიჯი შეიძლება გამხდარიყო ორი ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური სტრუქტურების გაერთიანების გზაზე, მაგრამ, ამავე დროს, მან შეიძლება სუვერენიტეტი დააკარგვინოს ბელარუსს, რის წინააღმდეგ ლუკაშენკა წლების განმავალობაში იბრძვის.

ავტორიტარი ლიდერი სულ უფრო მეტად მოექცა იზოლაციაში 2020 წლის არჩევნების შემდეგ დაწყებული საპროტესტო გამოსვლების და რეჟიმის მიერ მათი სასტიკად ჩახშობის შემდეგ, რამაც ის დააახლოვა რუსეთთან, რომელიც მას ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერას უწევს.

ორ ქვეყანას შორის ინტეგრაციის გაღრმავების საკითხებზე მოლაპარაკება დასასრულ ფაზაში შევიდა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკამ, შარშანწინ ზაფხულსა და შემოდგომაზე, მოახერხა თავისი ხელისუფლების წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ჩახშობა.

radiotavisupleba.ge