სამართალი
ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად, პოლონეთში ამერიკელი სამხედროების პირველი ჯგუფი ჩაფრინდა

 საქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. უკრაინის საზღვარზე რუსეთის შეიარაღებული ძალების ზრდის ფონზე, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად, პოლონეთში აშშ-ის არმიის პირველი კონტიგენტი ჩაფრინდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

სამხედროები პოლონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე ჟეშუვის სამხედრო ბაზაზე განთავსდებიან.

პოლონეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლის თქმით, პოლონეთში აშშ-ის არმიის 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის საბრძოლო ჯგუფის პირველი კონტიგენტი ჩაფრინდა. ჯარისკაცები მეორე ნაწილის ჩასვლა ხვალისთვის იგეგმება. სულ პოლონეთში აშშ-ის არმიის 1 700 ჯარისკაცის განთავსება იგეგმება.

გასულ კვირაში ვაშინგტონმა განაცხადა, რომ პოლონეთსა და რუმინეთში გაგზავნიდა დამატებით სამი ათასამდე სამხედროს, უკრაინის კრიზისის პოტენციური გავლენისგან აღმოსავლეთი ევროპის დასაცავად.