საქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოში გასულ წელს დანაშაულის 56 343 რეგისტრირებული ფაქტი დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 253 შემთხვევით, 0.45%-ით ნაკლებია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2021 წელს რეგისტრირებულ დანაშაულთა გახსნის მაჩვენებელი გაიზარდა - გასულს წელს სამართალდამცველებმა დანაშაულთა 49.82%, 28068 ფაქტი გახსენეს, 2020 წელს კი 35.56%.
უწყების სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, რეგისტრირებული დანაშაულებიდან სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული იყო 2078, რაც 2020 წლის იგივე პერიოდის მონაცემებთან შედარებით 15.46%-ითაა შემცირებული.
რა შეეხება სხვა სახის დანაშაულებს, გასულ წელს ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 9513 რეგისტრირებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 5994 გაიხსნა; სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის, მათ შორის გაუპატიურების 54.97%-ით მეტი, 530 ფაქტი აღირიცხა, გაიხსნა 265; 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 9.27%-ითაა გაზრდილი ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, მათ შორის ამ ტიპის 4280 რეგისტრირებული დანაშაულიდან 27.27%-ითაა მომატებული ტრეფიკინგის შემთხვევები; ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული 2020 წელთან შედარებით გასულ წელს 42.31%-ით შემცირდა და სულ 30 ფაქტი აღირიცხა, საიდანაც 6 გაიხსნა.
გაზრდილია ნარკოტიკული დანაშაულის რიცხვი - 2021 წელს ამ ტიპის რეგისტრირებულ დანაშაულთა რიცხვმა 12.2%-ით მოიმატა და 3873-ია, მათგან 3448 გაიხსნა. 4.91%-ით შემცირდა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების რაოდენობა (ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა და ა.შ. ) და 21497 აღირიცხა.
2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 10.79%-თაა შემცირებული სატრანსპორტო დანაშაულის საერთო რაოდენობა და 2770-ია, თუმცა ამ მაჩვენებელში გაზრდილია შემთხვევების დროს დაზარალებულთა გარდაცვალების რიცხვი - 2021 წელს სატრანსპორტო დანაშაულის შედეგად 350 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 2020 წლის ანალოგიურ მონაცემებზე 1.74%-ით მეტია.
გასულ წელს 12.5%-ით გაიზარდა ტერორიზმი - სულ ამ ტიპის დანაშაულის 9 რეგისტრირებული ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც გაიხსნა 7.
interpressnews.ge