საზოგადოება
უკრაინის რადას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტს უკრაინისადმი სოლიდარობისთვის მადლობას უხდის

 საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. უკრაინის რადას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ოლექსანდ მერეჟკო საქართველოს პარლამენტს მხარდაჭერისა და უკრაინისადმი სოლიდარობისთვის მადლობას უხდის.

ოლექსანდ მერეჟკო უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ხელაშვილის „ტვიტერის“ პოსტს ეხმაურება.

„დიდი მადლობა თქვენი მხარდაჭერისა და უკრაინისადმი სოლიდარობისთვის“, – წერს უკრაინის რადას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე.

საქართველოს პარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის ტექსტი, რომელიც პარლამენტში მიიღეს, პარტია „ქართული ოცნების“ მიერ იყო წარდგენილი. დოკუმენტი საპარლამენტო უმრავლესობის წევრების – გიორგი ხელაშვილის, მაკა ბოჭორიშვილის, ლევან ქარუმიძის, გივი მიქანაძის და თამარ ტალიაშვილის მიერ არის შემუშავებული. ტექსტში აღნიშნულია, რომ საქართველო გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული.