სამართალი
ირაკლი ქადაგიშვილი: სააკაშვილი ხან სიკვდილის პირასაა, ხან ჰალუცინაციები აქვს, არადა ყოველდღე განცხადებებს წერს

 საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. საგამოძიებო კომისიების შექმნის წინააღმდეგი არ ვართ, თუ ეს ობიექტური მოცემულობით არის განსაზღვრული, თუმცა, ვერ ვხედავ ამ ობიექტურ მოცემულობას, რადგან პატიმარ მიხეილ სააკაშვილის გარშემო ათასგვარი ინსინუაციების მომსწრენი ვიყავით - ხან ისე შიმშილობს, რომ სიკვდილის პირას არის მისული, ხან მკურნალობა სჭირდება ჟენევის ტბის პირას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის ცნება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გაჩნდა.

მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან მცდელობა არის, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში ყოფნას აარიდონ.

„არანაირი საბოტაჟი, რადგან ხატია დეკანოიძემ რაღაც სიტყვა თქვა, ეს უკვე ფორმირდება როგორც მოცემულობად? - ეს არის მათ მიერ პროცესის პროვოცირება. საგამოძიებო კომისიის მცნება ჩვენ გავაჩინეთ პარლამენტში და ეს რეგლამენტირებულია. ამიტომ, საპროცედურო ომი ვერ იქნება. არ ვართ საგამოძიებო კომისიების შექმნის წინააღმდეგი, თუ ეს ობიექტური მოცემულობით არის განსაზღვრული, თუმცა, ვერ ვხედავ ამ ობიექტურ მოცემულობას, რადგან პატიმარ მიხეილ სააკაშვილის გარშემო ათასგვარი ინსინუაციების მომსწრენი ვიყავით - ხან ისე შიმშილობს, რომ სიკვდილის პირას არის მისული, ხან მკურნალობა სჭირდება ჟენევის ტბის პირას, ხან ფსიქიკურად ისეთ მძიმე მდგომარეობაშია, რომ ჰალუცინაციები აქვს და გონებას კარგავს. არადა ყოველ დღე ვიღაცები წერენ მისი სახელით პოლიტიკურ პოსტებს და განცხადებებს. აქ გვაქვს მცდელობა, რომ აარიდონ პატიმრობას მსჯავრდებული. ხან წამებას მოიშველიებენ, ხან სიგიჟეს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

„ქართული ოცნების“ წევრის თქმით, ამ ეტაპზე უმრავლესობაში არ უმსჯელიათ, დაუჭერენ თუ არა მხარს მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომისიის შექმნას.

რაც შეეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საკანონმდებლო ორგანოში შესვლის გადაწყვეტილებას, მისი შეფასებით, მნიშვნელობა არ აქვს აღნიშნული ოპოზიციური პარტია პარლამენტის შენობაში იქნება თუ ქუჩაში, ამით „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური დღის წესრიგი არ იცვლება.

„შენობას ხომ არ აქვს მნიშვნელობა, მის შიგნით იქნებიან, თუ გარეთ? - კომფორტის და არაკომფორტის კუთხით, არაფერი შეიცვლება, რადგან დღის წესრიგი, მათი ქმედების შინაარსი არ შეიცვლება. ეს პოლიტიკა, რაც მათ ახასიათებთ, პარლამენტის შენობაში გამოთქვამენ თუ ქუჩაში, შინაარსობრივად განსხვავებული არ იქნება. ამიტომ, ამ მხრივ, ჩვენთვის არაფერი იცვლება. მე ვიტყოდი, არც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ იცვლება. შინაარსობრივად ეს არ არის ის ოპოზიცია, რომელსაც შეუძლია რეალურად, დემოკრატიული და კონსტრუქციული როლის შესრულება. ამ ადამიანებს დღესაც ვერ გაუცნობიერებიათ, რომ ეს პარლამენტი ლეგიტიმურია თუ არა, - რაღაც მომენტში რევოლუცია უნდა მოახდინონ, რაღაც მომენტში არ უნდა მოახდინონ, ანუ ვერ არიან ჩამოყალიბებული. მხოლოდ მათი ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში ჰგონიათ, რომ ქვეყანას საქართველო ჰქვია.

მათთვის არა მარტო დღის წესრიგს, საერთოდ სამყაროს მიხეილ სააკაშვილი უქმნის, ეს მათთვის და არა ჩვენთვის. ამ რეზოლუციით ჩვენ მათ დღის წესრიგს არ გავყევით, ჩვენ გავყევით ჩვენი ქვეყნის ინტერესების დღის წესრიგს, - ევროატლანტიკური მიმართულებით სიარულის დღის წესრიგს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.