პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიას თუ შექმნიან, მასში მონაწილეობას მივიღებთ

 საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს.

როგორც ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა, „ნაციონალურ მოძრაობას“ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნით სურს, საპარლამენტო ბერკეტები გამოიყენოს, რათა საზოგადოებაში ჩანდეს.

დეპუტატის თქმით, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ საგამოძიებო კომისიას შექმნის ამ ფორმატში, „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ სიმართლეს დაამტკიცებს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

„ამ თვალსაზრისით სიახლე არაფერი იქნება. სიახლე იქნება ის, რომ რადიკალურ ოპოზიციას სურს, ეს ინსტრუმენტი რაღაცნაირად გამოიყენოს, რომ როგორმე პოლიტიკურ ზედაპირზე იყოს. ამას მეტი მიზანი არ აქვს. ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ კომისია საჭიროა. თუ ისინი კომისიის შექმნას საჭიროდ მიიჩნევენ, ამის საშუალება აქვთ. კომისიას თუ შექმნიან, მასში მონაწილეობას მივიღებთ, რათა საზოგადოებას სიმართლე კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ. მიზანია, როგორმე რაღაც ბერკეტები გამოიკვეთოს, რათა საზოგადოებაში ჩანდნენ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა პარლამენტში უკვე წარადგინა. საკითხი 7 თებერვლის ბიუროს სხდომას წარედგინა.