სამართალი
გარდაცვლილად გამოცხადებული ვლადიმერ მასურაშვილი არამიანცში მკურნალობს

masurashviliროგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 26 მაისის ღამეს რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველებმა „სახალხო კრების“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია დაარბიეს. როგორც შსს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, დარბევის დროს „კრების“ ერთ-ერთი ლიდერის – ნინო ბურჯანაძის, ესკორტი რუსთაველის გამზირიდან დიდი სიჩქარით დაიძრა და რამდენიმე ადამიანს შეეჯახა, რომელთაგან ორი – პოლიციელი ვლადიმერ მასურაშვილი და მომიტინგე ნოდარ ცხადაძე შემთხვევის ადგილზევე დაიღუპნენ.

მოგვიანებით ნოდარ ცხადაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განსხვავებული ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მიხედვით, ის სამართალდამცველების ცემის შედეგად გარდაიცვალა და მას ავტომანქანა არ შეჯახებია.

დღეს კი უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მეორე გარდაცვლილის მონაცემების სიზუსტის საკითხი. საქმე ისაა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების ცენტრმა“ აქციის დარბევის შედეგად დაშავებულთა სია გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ პირველ კლინიკურ საავადმყოფოში (არამიანცის) სხვა დაშავებულებთან ერთად შსს-ის თანამშრომლებმა ვლადიმერ მასურაშვილიც მიიყვანეს, რომელიც ამ დრომდე რჩება იქ ტრავმული შოკის დიაგნოზით და შესაბამის მკურნალობას გადის.

დეტალების გასარკვევად საქინფორმი ორგანიზაცია „თავისუფლების ცენტრის“ თავმჯდომარე ეკა ჯიხვაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც სწორედ ზემოხსენებულ უზუსტობაზე ისაუბრა. „დიახ, ვლადიმერ მასურაშვილი არამიანცში მკურნალობს. მე დაზუსტებით ვერ გეტყვით, ეს სხვა მასურაშვილია, თუ ის, რომელიც შსს-მ მკვდრად გამოაცხადა, თუმცა როდესაც პროზექტურაში მივედი, იმ ორ ადამიანს შორის, რომლებიც ინციდენტის დროს დაიღუპნენ, მასურაშვილი ნამდვილად არ არის. პროზექტურაში მითხრეს, რომ შემთხვევის ადგილიდან ცხადაძე და მოსულიშვილი მიიყვანეს, მასურაშვილი კი არ უხსენებიათ“, – განაცხადა ჯიხვაშვილმა.

ამის შემდეგ საქინფორმი შსს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორ შოთა უტიაშვილთან დაკავშირებასაც შეეცადა, თუმცა უშედეგოდ – მან სააგენტოს კორესპონდენტის ზარს არ უპასუხა.

P.S. ალბათ, მკითხველი დაგვეთანხმება, რომ ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან შესაბამისი განმარტებების გაკეთება აუცილებელია.