სამართალი
ირაკლი ქადაგიშვილი: უკრაინასთან დაკავშირებულ კონფლიქტში შუბის წვერზე არ უნდა ვიყოთ

 საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. ჩვენ უკრაინასთან დაკავშირებულ კონფლიქტში შუბის წვერზე არ უნდა ვიყოთ - რა გვინდა, რუსეთის აგრესიის ნაწილი საქართველოსკენ მოვმართოთ?! არავისი გვეშინია, მაგრამ გვეშინია იმის, რომ ისეთი ფატალური შეცდომები, რაც “ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა, არ გავიმეოროთ! - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, საქართველო ხელისუფლება ქვეყნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მუშაობს და ქვეყნის პარტნიორებთან მჭიდრო კავშირი აქვს.

“საქართველოს პოზიციების პოზიციონირებას ყველა ფორმატში ვაკეთებთ - აშშ-სთან მიმართებაში, კონკრეტულად უკრაინის სახელმწიფოსთან მიმართებაში, ნატო-სთან მიმართებაში. ნახეთ ყველა ფორმატი, რომელიც ბოლო პერიოდში გაიმართა და რომელიც რუსეთსა და დასავლეთს შორის სიტუაციის გამწვავებას მოჰყვა - საქართველო ყველა ფორმატში არის ჩართული. თუ იმას გვეუბნებით, რომ საკითხი ურაპატრიოტიზმის დონეზე რატომ არ გვყავს აყვნილი, ჩვენ ურაპატრიოტიზმის დონეზე არ ავიყვანთ, მაგრამ ყველა სამუშაო ფორმატში ვაკეთებთ იმას, რომ საქართველო არც აგრესიის მსხვერპლი გახდეს და ყველა პროცესიდან, რაც დღეს მიმდინარეობს, თუ რაიმე ბენეფიტი იქნება, ამ ბენეფიტის მიმღები იყოს. თუ გგონიათ, რომ ის ურაპატრიოტიზმი, რაც “ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წლის ომის წინ გამოიჩინა, იყო პატრიოტიზმი და აქტიურობა, ეს საქართველოს ინტერესების დაღუპვა იყო და ამას საქართველო აღარ გაიმეორებს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის მიერ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებას უკრაინის პარლამენტის მხრიდან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა და უკრაინის რადას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნული დოკუმენტის მიღებას მიესალმა.

მისივე შეფასებით, რეზოლუცია არის ძალიან საქმიანი, უკრაინის ინტერესების დამცველი, ომის თავიდან არიდებისკენ მიმართული და საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან სრულ შესატყვისობაში მყოფი.