სამართალი
მამუკა ხაზარაძე: უკრაინაში იმის მკაფიოდ სათქმელად მივდივართ, რომ რუსეთი აგრესორია

 საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. ის სამარცხვინო რეზოლუცია, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" გუშინ მიიღო, არ გამოხატავს ქართველი ხალხის აზრს და ნებას, ამის სათქმელად მივდივართ ჩვენ - მკაფიოდ უნდა ვუთხრათ, რომ რუსეთი არის აგრესორი, - ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ კიევში გამგზავრებამდე განაცხადა.

მისი თქმით, "ლელოს" დელეგაცია კიევში უკრაინის ხელისუფლების და ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება.

„ჩვენ, "ლელოს" დელეგაცია მივემგზავრებით კიევში. დელეგაციის შემადგენლობაში გახლავართ მე, სალომე სამადაშვილი, გრიგოლ გეგლია და თამარ ბელქანია. შეხვედრები დანიშნულია რადაში, ვხვდებით როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს. დაგეგმილია შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ასევე შევხვდებით ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს, რათა გავუზიაროთ ჩვენი ხედვა.

ყველაზე მთავარი გზავნილი, რითაც ჩვენ მივდივართ არის ის, რომ ქართველი ხალხი დღეს უკრაინელი ხალხის გვერდით დგას და მკაფიოდ უნდა ვუთხრათ, რომ რუსეთი არის აგრესორი, მკაფიოდ უნდა ვუთხრათ, რომ უკრაინის გამარჯვება კავშირშია საქართველოს გამარჯვებასთან, უკრაინის თავისუფლება პირდაპირ არის გადაჯაჭვული საქართველოს თავისუფლებასთან, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობასთან და ამ გამოწვევას, რომელიც ძალიან დიდი ხანია ჩვენს ქვეყნებს უდგას რუსეთის სახით ერთად უნდა გავუმკლავდეთ. ეს არის მთავარი გზავნილი, რომ ის სამარცხვინო რეზოლუცია, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" გუშინ მიიღო, არ გამოხატავს ქართველი ხალხის აზრს და ნებას, ამის სათქმელად მივდივართ ჩვენ“, - განაცხადა ხაზარაძემ.