„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ განცხადება აქციის დარბევასთან დაკავშირებით
ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ღრმა მწუხარებას გამოხატავს გარდაცვლილი პოლიციელის ვლადიმერ მანსურაშვილის და აქციაზე მყოფი ყოფილი პოლიციელის ნოდარ ცხადაძის ოჯახების მიმართ. ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ მიიჩნევს, რომ 2011 წლის 26 მაისს შს სამინისტროს ძალების მიერ რუსთაველის პროსპექტზე გამართული საპროტესტო აქციის დაშლა არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ნორმებით დადგენილ სტანდარტებს. ტელევიზიით გავრცელებული ვიდეომასალებიდან ჩანს, რომ ადგილი ჰქონდა ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. გავრცელებული კადრების მიხედვით, იკვეთება, რომ პოლიციამ გადაამეტა ძალას, რითაც დაარღვია კანონი „პოლიციის შესახებ“.
სწორედ ამიტომ ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და საქართველოს მთავარ პროკურატურას: აწარმოონ ეფექტური გამოძიება, 2011 წლის 26 მაისს საპროტესტო აქციის მსვლელობისას კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობის საკითხის დასადგენად. შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს სამოქალაქო და პოლიტიკური კულტურის განვითარებისთვის. აღნიშნული ღირებულება საზოგადოებას უქმნის არეალს სხვადასხვა შეხედულებების, ფასეულობებისა და ინტერესების გამოსახატად, რათა მათი წარმომადგენლების განსხვავებული აზრები და შეხედულებები საყოველთაოდ იქნას მოსმენილი. ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ მზადაა, დაეხმაროს ყველა უფლებაშელახულ პირს და გაუწიოს მათ სამართლებრივი დახმარება.
დაგვიკავშირდით: თამარ გაბისონია (გამგეობის თავმჯდომარე); მობ.: (+995 ) 77 288 930; ელ. ფოსტა: tamunagabisonia@article42.ge
ნაზი ჯანეზაშვილი (აღმასრულებელი დირექტორი); მობ: (+995) 93 33 88 05; ელ. ფოსტა: nazi@article42.ge