სამართალი
ბათუმის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და სამართალდამცველებს შორის მერიის შენობაში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

 საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. ბათუმის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მოთხოვნა, ქალაქის მერთან შეხვედრასთან დაკავშირებით, სამართალდამცველებთან ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

თავდაპირველად, ოპოზიციის წარმომადგენლებმა მერის კაბინეტში შესვლა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც მათ საკონფერენციო დარბაზი დაიკავეს. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ, სამართალდამცველებმა დეპუტატებს დარბაზის გათავისუფლება მოსთხოვეს, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.დეპუტატები გასვლას არ აპირებდნენ, სამართალდამცველებმა ისინი ძალით გაიყვანეს.

ადგილზე მივიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები უმაღლესი საბჭოდან.

რაც შეეხება ბათუმის მერს, მერიის პრესსამსახურმა ჩიქოვანის ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც არჩილ ჩიქოვანი აცხადებს, რომ ოპოზიციასთან შეხვედრა პრობლემა არ არის.

ოპოზიციასთან შეხვედრის პრობლემა ზოგადად, არ დგას. ის საცირკო წარმოდგენები და ყოველდღიური დესტრუქცია, რომელსაც ისინი ახორციელებენ ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესების საზიანოდ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ყოველდღიური საქმიანობის ხელშეშლის მიზნით, ბუნებრივია, მიუღებელია ჩვენთვის.

ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი არის ჩვენი თანამოქალაქეები, მათზე ზრუნვა და ის პროგრამები, რომელიც გათვალისწინებულია ბიუჯეტით“,- განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.