საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. საზოგადოებამ უკვე დაინახა, რომ როდესაც მიმაჩნდა, შეიძლებოდა, დეპოლარიზაციის მიმართულებით გადამედგა ნაბიჯი, რაც არ უნდა მტკივნეული და სენსიტიური ყოფილიყო, ის ნაბიჯი გადავდგი. ამ შემთხვევაში, მთავარია, რომ ღრმად ვარ დარწმუნებული, ასეთი ნაბიჯი დღეს იქნება ზეპოლარიზაციის საგანი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა კითხვას, ხომ არ არის შესაძლებელი, გადახედოს გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით.
როგორც ზურაბიშვილი ამბობს, არაფერს გააკეთებს ისეთს, რაც ქვეყანას პოლარიზაციისკენ უბიძგებს.
„ზოგადად, სიტყვას ვასრულებ. მგონი, არავინ არ არის, ვისაც შეუძლია თქვას, რომ სიტყვა არ შემისრულებია. ესეც არის ნდობის მომენტი. მგონია, რომ სწორედ იმ სამ მაგალითზე დაყრდნობით უკვე დაინახა საზოგადოებამ, რომ როდესაც მიმაჩნდა, შეიძლებოდა, დეპოლარიზაციის მიმართულებით გადამედგა ნაბიჯი, რაც არ უნდა მტკივნეული და სენსიტიური ყოფილიყო, ის ნაბიჯი გადავდგი. ამ შემთხვევაში, მთავარია, რომ ღრმად ვარ დარწმუნებული, ასეთი ნაბიჯი დღეს იქნება ზეპოლარიზაციის საგანი, საბაბი და არა დეპოლარიზაციის. არ მგონია, ვინმემ ამაში გადამარწმუნოს. თვით სააკაშვილის დაბრუნება იქნა პოლარიზაციის და ზეპოლარიზაციის ერთ-ერთი ნაბიჯი. არაფერს არ გავაკეთებ ისეთს, რაც დამატებით წაიყვანს პოლარიზაციისკენ ქვეყანას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საკითხზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა გამოსავლის გზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „თუ გვჯერა დემოკრატიის, უნდა გვჯეროდეს საზოგადოების ხმის“.
„ვინაიდან, როგორც ჩანს, ჩიხიდან ვერ გამოვდივართ, უნდა გავიდეთ საზოგადოების გზით. თუ გვჯერა დემოკრატიის, უნდა გვჯეროდეს საზოგადოების ხმის“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
შეწყალებასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა კიდევ ერთ კითხვას, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეხვედრისას ხომ არ ყოფილა მიხეილ საკააშვილის შეწყალებაზე ულტიმატუმი ან რაიმე პირობა.
„ნათლად ვთქვი, რომ საზოგადოებას არ სჭირდება რომელიმე პოლიტიკური ძალის თანხმობა ამ პროცესზე. ეს პროცესი დაიწყება და დაწყებულიცაა. მგონია, რომ თვით პროცესი აიძულებთ პოლიტიკურ პარტიებს, იყვნენ ნაწილობრივ მაინც ჩართული. პროცესი თუ წარმოადგენს საზოგადოებას, არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ საზოგადოების წინააღმდეგ გამოვიდეს. ამიტომ, არც გამიგია რაიმე წინაპირობა, ნათქვამიც მქონდა, რომ წინაპირობებს არც ერთისგან არ ვღებულობდი და ეს არ იყო ჩვენი შეხვედრების მიზანი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.