საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. ფოთში „ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის“ გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, ასევე მინისტრები დაესწრნენ.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია რეგიონისთვის, ჯამური ინვესტიცია შეადგენს 93 მილიონ დოლარს და ორივე ფაზის დასრულების შემდეგ, 120 მილიონამდე გაიზრდება.
„განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობა პროექტში. კერძოდ, აშშ-ს ფედერალური მთავრობის საერთაშორისო ფინანსური განვითარების კორპორაციიდან (DFC) გამოყოფილი იქნა დაფინანსება 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რაც კიდევ ერთი გამოხატულებაა, რომ საქართველო უცხოური ინვესტიციებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა და რომ ის წარმოადგენს რეგიონში უდიდესი სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალის მქონე ქვეყანას“, – განაცხადა პრემიერმა.
კელი დეგნანის თქმით, ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური არის ინფრასტრუქტურის ნაწილი, რომელიც აკავშირებს საქართველოს ევროპასთან, ეს არის სიმბოლო ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის.
„ძალიან მიხარია, რომ შეერთებული შტატები საერთაშორისო განვითარების ფინანსურ კორპორაციასთან ერთად მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ამ პროექტის მშენებლობასა და განვითარებაში. ეს 50 მილიონიანი ინვესტიცია განვითარების დაფინანსების კორპორაციიდან არის უმსხვილესი პროექტი ერთი პროექტის დაფინანსების სახით. ეს ცხადყოფს, რამდენად დიდია ვალდებულება, რომელიც აშშ-მ იკისრა საქართველოს კეთილდღეობისა და ქართველი ხალხის წინაშე“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ნავსადგურის მშენებლობა „პეის ჯგუფისა“ და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის (DFC) ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა. უწყებაში აცხადებენ, რომ ახალი ნავსადგური საქართველოს საზღვაო სექტორში მიმდინარე პროექტებს შორის აქამდე რეალიზებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია და მისი ღირებულება 120 მილიონ დოლარს აღწევს. აღსანიშნავია, რომ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ფინანსურმა კორპორაციამ (DFC) ნავსადგურის მშენებლობის პროექტი 50 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსა, რაც ამ ორგანიზაციის მიერ ერთ პროექტზე გამოყოფილი ყველაზე დიდი ინვესტიციაა რეგიონში.
„პეის ჯგუფი“ წარმოადგენს რეგიონში უმსხვილეს სატრანსპორტო კომპანიას, რომელიც აერთიანებს ნავმისადგომების ოპერატორ კომპანიებს, საბროკერო, საზღვაო სააგენტოს, ლოგისტიკურ და საკონტეინერო კომპანიებს. მისი ყოველწლიური, საშუალო ტვირთბრუნვა სამ მილიონ ტონას აღემატება. „პეის ჯგუფში“ დასაქმებულია 1 000-ზე მეტი ადამიანი.