„ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებულ წერილებში „ქართველები თეთრი მონები არ გახდებიან!“ და „ავიამზიდი ვერასოდეს შეძლებს მტკვარში შესვლას!“ — დეტალურად აღვწერე, თუ რატომ გაღრმავდა ქართველი ხალხის უნდობლობა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ და როგორ მოახერხეს ეს თავისი ამპარტავანი და ქედმაღლური ქცევით ამერიკელმა ელჩებმა — ყოფილმა იან კელიმ და ახლანდელმა კელი დეგნანმა, დიდი ინტელექტითა და დიპლომატიური უნარ-ჩვევებით რომ არ გამოირჩევიან. თუმცა, მას მერე, რაც მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული კულტურის ქვეყანაში მწველავი სანდრა პირველ ლედად ვიხილეთ, ბევრჯერ დავრწმუნდით, რომ, რაც უფრო დაბალია ინტელექტი, მით უფრო მაღალია ამბიციები!
იმის მაგივრად, რომ აშშ, რომელმაც თავშესაფარი მისცა ბევრ ქართველ ემიგრანტს, ჩვენთვის ისევ მადლიერებისა და აღტაცების საგნად დარჩენილიყო, მენტორებად ქცეული იმ ელჩების წყალობით, საქართველოს შიდა საქმეებში უხეშად რომ ერევიან და ლამის ღვინის წურვას გვასწავლიან, ქართველებს დღეს დასავლეთისკენ გახედვაც კი აღარ სურთ. თუმცა, ვაღიაროთ, რომ საქმე მარტოოდენ აშშ-ის ორ ზემოთ ნახსენებ ელჩში როდია — ჩვენი ქვეყნის ვითომ „პროდასავლური“ მბრძანებლების უმრავლესობა თავისი შოკისმომგვრელი უკულტურობით, უვიცობითა და უზრდელობით, უფრო უცხოპლანეტელებს გვაგონებენ, ვიდრე ქართველებს! აი, რატომ უყურებს დღეს ხალხი აშშ-ს, როგორც ბოროტების იმპერიას, კოლონიზატორსა და დამპყრობელს, რომელსაც საქართველოს ტერიტორია სჭირდება რუსეთისა და რეგიონის სხვა ქვეყნებზე იერიშის მისატანად!
მაგრამ საქართველოში, სადაც ხალხს არანაირი ტრიბუნა არა აქვს, უბრალო ადამიანების ხმას მხოლოდ სოცქსელებში თუ გაიგებ (იგულისხმება ის უმცირესობა, ვისაც ინტერნეტზე აქვს წვდომა), ამიტომ „ასავალ-დასავალში“ დაბეჭდილ კრიტიკულ წერილებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის შოკისმომგვრელი ეფექტი ჰქონდა! ძალიან გაუკვირდათ, რომ თავისი სტუმართმოყვარეობითა და ქალის მიმართ რაინდული დამოკიდებულებით ცნობილ ტოლერანტ ქართველებს, მიუხედავად აშშ-ის დიდი გრანტებისა, თურმე, ელჩი დეგნანი სძულთ და ფეისბუქზე ათასნაირი შეურაცხმყოფელი ეპითეტით მოიხსენიებენ! ელჩი ქალბატონი გააფრთხილეს — თუ არ უნდა, რომ საქართველოდან გაიწვიონ, თავისი არაპროფესიონალიზმის მძიმე შედეგები სასწრაფოდ უნდა გამოასწოროს. მაგრამ კელი დეგნანმა ქართველების გულის მოგების მაგივრად თავის მართლების გზა აირჩია და კონტრშეტევაზე გადავიდა! მან ვრცელი წერილობითი პასუხი მოუმზადა „ასავალ-დასავალსა“ და „საქინფორმის“ მთავარ რედაქტორს, რა თქმა უნდა, თავისი მრჩევლების კინწურაშვილი-ლომჯარია-გიგაურების და მათნაირი შხამიანი პოლიტკალმოსნებისა თუ ქალმოსნების დახმარებით! მაგრამ ამას ქართველი ხალხის საყვარელი გაზეთისა და პოლიტოლოგ ხიდირბეგიშვილისთვის პასუხის ფორმა რომ არ ჰქონოდა, ქართველი ხალხის წინაშე საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების, პარტნიორობისა და მეგობრობის 30-წლიან იუბილესთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს ანგარიშით წარდგა.
„მსურს, გავიხსენო ჩვენი ურთიერთობის დასაწყისი და მიმოვიხილო, თუ რატომ არის საქართველო ასეთი მნიშვნელოვანი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის... 30 წლის წინათ, მოსკოვის თითქმის ორასწლიანი ბატონობის შემდეგ, საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა“, — აცხადებს ელჩი დეგნანი და საზოგადოებას სთავაზობს ვითარების თავისეულ ვარიანტს, რომელიც რეალობისაგან კარდინალურად განსხვავდება, რადგანაც სსრკ-ს მოძმე ხალხთა ოჯახში შემავალი საქართველო სუვერენული რესპუბლიკა იყო, 5-მილიონიანი მოსახლეობითა და განვითარებული მრეწველობით - სოფლის მეურნეობით, ხოლო „დამოუკიდებლობის მოპოვების“ შემდეგ ამერიკულ პროტექტორატად იქცა, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე, 2-მილიონიანი დაქსაქსული, უკიდურესად დაპირისპირებული და გაჭირვებული მოსახლეობით!
„საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა, — ამბობს დეგნანი, - საქართველოს ევროატლანტიკურ ერთა ოჯახში სრულ ინტეგრაციას გულისხმობს“, რაზეც აშშ-მა „თითქმის 6 მილიარდი დოლარი გამოყო“. რომელ ერთა ოჯახში ყვაოდა საქართველო 69 წელი, კარგად ვიცით, რაც შეეხება დახმარებას: დიახ, არასდროს დაგვავიწყდება აშშ-ის დახმარება ამ 30 წლის განმავლობაში — 5 მილიარდ 300 მილიონ დოლარზე ოდნავ მეტი, საიდანაც 5 მილიარდი 2008 წლის აგვისტოს გამო მოგვცეს — ანუ, როგორც კომპენსაცია საქართველოს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაკარგვის გამო, რაც ამერიკული პოლიტიკის შედეგი იყო. ამ „ევროატლანტიკურ ერთა ოჯახში სრული ინტეგრაციის“ პოლიტიკას ვაშინგტონის ხელდასხმული „დემოკრატიის შუქურა“ სააკაშვილი ატარებდა, რომელმაც ამ 5 მილიარდიდან ლომის წილი ჩაიჯიბა და ლტოლვილებს წეროვანში ფანერის საქათმეები დაახვედრა!
„ჩვენი დახმარების დიდი ნაწილი ნაკლებად შესამჩნევია დღეს, ვიდრე უწინ“ — აღნიშნავს ელჩი, და ამაში მართალია — თუ ადრე დოლარები, იარაღის გარდა, გავლენის აგენტების — არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნესმენების მოსასყიდად იყო განკუთვნილი, დღეს ეს დახმარება ნაკლებად ჩანს, რადგანაც „ვარდების რევოლუცია“ უკვე მომხდარია, მოღალატეების არმია — მომზადებული, ხოლო ახალი ამოცანები (ვციტირებ) „საერთო მიზნების მისაღწევად“ ტრანსპარენტობას არ ექვემდებარება. ისე კი, როგორ შეიძლება დიდ ამერიკასა და პატარა საქართველოს „საერთო მიზნები“ ჰქონდეთ?! აშშ ხომ რუსეთის განადგურებაზე ოცნებობს, ხოლო საქართველო — საკუთარი თავის გადარჩენაზე! ან რაში გჭირდებათ ლეგენდა „ევროატლანტიკურ ერთა ოჯახში სრულ ინტეგრაციაზე“ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, თანაც — ნატოს წევრობა უახლოეს ათწლეულებში არ გვემუქრება?! საქართველოს „ევროატლანტიკურ ერთა ოჯახში სრული ინტეგრაციის“ მაქსიმუმი არის ქართული კონტიმგენტის მონაწილეობა ნატოს ოპერაციებში და ქართველი გასტრაბაიტერები შენგენის ქვეყნებში!
დიახ, ძალიან სირცხვილია, როცა ელჩს დახმარების მაგალითად საქართველოს ელექტროსისტემის მოწესრიგება მოაქვს. თბილისელებს კარგად ახსოვთ, რა კორუფცია და განუკითხაობა სუფევდა „თელასში“ ამერიკული მენეჯმენტის დროს, რომლის იურისტი ოქრუაშვილი იყო და, უბრალოდ, სასაცილოა, როდესაც დეგნანი 1804 წელს პირველი ამერიკელი ვიზიტორის საქართველოში ჩამოსვლას ლამის საკუთარ დამსახურებად მიიჩნევს: „ჯოელ პოინსეტი თავის დღიურებში ხოტბას ასხამდა ქართულ სტუმართმოყვარეობას და აღწერდა, თუ როგორ ივახშმა „მის უდიდებულესობა იმერეთის დედოფალთან მისი სახლის სახურავზე“. რას გველაპარაკებით, ქალბატონო ელჩო?! მაშ, ქართველები ველური კავკასიელები არ ვყოფილვართ, ხომ?! მაშინ დღეს რატომ ასწავლით დემოკრატიას 20-საუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის მქონე ქვეყანას, რომელიც, თურმე, ორი საუკუნის წინ ახალშექმნილი ამერიკის მოქალაქეების აღფრთოვანებას იმსახურებდა?! და, საერთოდ, გაუგებარი იყო ჯონ სტეინბეკის, ბენი გუდმენის, ჯორჯ ბალანჩინის, პრინცი მაჩაბლის, ალექსანდრე ქართველისა და ჯონ მალხაზ შალიკაშვილის ხსენება, ეს ხომ ანგარიში იყო საელჩოს 30-წლიან მუშაობაზე, და არა ქართულ-ამერიკული კავშირების ისტორიული მიმოხილვა აშშ-ის დაარსების დღიდან!
უფრო დასავლეთის და არა საქართველოს მოსახლეობაზე გათვლილი ორღობის ტყუილია, რომ, თურმე, აშშ-ისა და საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა 1872 წელს ერთი ამერიკელი გენერლის კერძო ვიზიტით დაიწყო და „ათასობით ვიზიტორის ჩამოსვლის შემდეგ გადაიზარდა მჭიდრო და გრძელვადიან მეგობრობაში. ჩვენი ჯარისკაცები ერთად სწავლობენ, ერთად იწვრთნებიან, ერთად მიუსხდებიან სუფრას და როცა საჭიროა, ერთად იბრძვიან... საერთო მტრების წინააღმდეგ ერაყსა და ავღანეთში...“ . ჯერ ერთი, თუ „ათასობით ვიზიტორი“ ამერიკიდან საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის შედეგია, მაშინ რუსეთზე მეტი სტრატეგიული მოკავშირე საქართველოს არ ჰყავს, რადგანაც ყოველწლიურად იქიდან საქართველოში მილიონობით ვიზიტორი - ტურისტი ჩამოდის! რაც შეეხება „ჩვენი ჯარისკაცების“ ერთად ჭამა-სმას და ბრძოლას „საერთო მტრის წინააღმდეგ“, შევახსენებდი ქალბატონ ელჩს, რომ საქართველოს 700 ათასი მკვიდრი, რუსებთან და სსრკ-ს სხვა ხალხებთან ერთად, ომობდნენ და კვდებოდნენ ბრძოლაში ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ დიდ სამამულო ომში! და თუ ელჩს ისტორიულ მიმოხილვაზე ჰქონდა პრეტენზია, რატომ არ გაიხსენა ჩვენი ხალხების ყველაზე დიადი გამარჯვება — მეორე მსოფლიო ომში, რომელშიც დეგნანის გმირი თანამემამულეებიც მონაწილეობდნენ?! ქართველი ხალხი მაშინ საბჭოთა ხალხების ერთიანი ოჯახის სრულუფლებიანი წევრი იყო, რომლის სათავეშიც ქართველი გენერალისიმუსი - სტალინი იდგა, ამიტომ დეგნანის მიერ დასაწყისშივე ნახსენები „მოსკოვის ბატონობა“ შეიძლება იშვას მხოლოდ „გიჟების“ ფანტაზიაში, როგორც მოიხსენიებს დონალდ ტრამპი რუსოფობიით დაავადებულ ამერიკელ ჩინოვნიკებს!
უფრო მეტიც, მხოლოდ პროფესიონალურად უვარგის, თანამდებობისთვის შეუფერებელ და დიპლომატიის ნასახის არმქონე ადამიანს შეეძლო, ეხსენებინა აშშ-ის მიერ „დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცება ავღანეთსა და ერაყში“, საიდანაც აშშ არცთუ დიდი ხნის წინ სამარცხვინოდ გაიქცა და ხელისუფლება „თალიბანს“ დაუთმო! რაო-რაო, მადამ კელი, „ჩვენი ჯარისკაცები, როდესაც საჭიროა, ერთად იბრძვიან“?! დიახაც, ქართველმა ჯარისკაცებმა, როცა აშშ-ს სჭირდებოდა, ერაყსა და ავღანეთში მართლაც იბრძოლეს, სადაც თქვენი ცრუ დემოკრატიული იდეალებისათვის ათასობით ქართველი დაიჭრა, ასობით — სამუდამოდ დაინვალიდდა, ხოლო ათობით — დაიღუპა! მაგრამ რატომღაც არ გვახსენდება, რომ თუნდაც ერთ ამერიკელ ჯარისკაცს ეომა საქართველოს დასაცავად! თუ ასეთი მაგალითები არსებობს, რატომ არ მოიყვანეთ თქვენს ანგარიშში, და რატომ გაგახსენდათ მხოლოდ ის მილიარდ-ნახევარი დოლარი, რომელიც საქართველოს შეიარაღების შესაძენად გადაურიცხეთ?! თანაც ისევ თქვენი, ამერიკული, მოძველებული და ვადაგასული იარაღის შესაძენად, რომელიც გსურთ, რომ ქართველებმა ისევ რუსების წინააღმდეგ გამოიყენონ, როგორც 2008 წლის აგვისტოში! 5-ნახევარი მილიარდი - აფხაზეთის და სამაჩაბლოსთვის, მილიარდ-ნახევარი - ქართველი ჯარისკაცების სიცოცხლისთვის: ძალიან იაფად ხომ არ ყიდულობთ საქართველოს, ქალბატონო ელჩო?!
„მეორე კრიტიკული ფაქტორი, რომელიც საფუძვლად უდევს ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობას, არის ჩვენი საერთო დემოკრატიული და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ღირებულებები, რაც ბუნებრივ პარტნიორებად გვაქცევს ამ რთულ სამეზობლოში“, — ამბობს დეგნანი მორიგ სისულელეს. ის იმდენი ხანია, საქართველოში მუშაობს, რომ უნდა ესმოდეს, რომ ქართველებისთვის სიტყვები „საბაზრო ეკონომიკა“ და „ღირებულებები“ შეუთავსებელია! და რომელ „ბუნებრივ პარტნიორობაზე“ საუბრობს იმ ქვეყნის ელჩი, რომელიც საქართველოდან ათასობით კილომეტრის გადაღმა მდებარეობს?! ქართული ეკონომიკის ბუნებრივი პარტნიორები არიან მისი, და არა აშშ-ის მეზობლები, რომლებთანაც მილიარდიანი სავაჭრო ბრუნვა გვაქვს — რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ირანი, სომხეთი, რომლებთან ერთადაც „3+3“ ფორმატში თანამშრომლობას დეგნანი საქართველოს უკრძალავს — ემანდ რუსთაველის სამშობლო წელში არ გაიმართოს და მართლა დამოუკიდებელი არ გახდეს!
შემთხვევითი როდია, რომ თამარ მეფის, სულხან საბა-ორბელიანის, ილია ჭავჭავაძის აბდაუბდა მიქსის შემდეგ კელი დეგნანი პრეზიდენტ ბუშს მეორედ ახსენებს, რომელმაც საქართველოს „უწოდა დემოკრატიის შუქურა 2005 წელს საქართველოში ვიზიტის დროს“. როგორც ჩანს, ქალბატონი იმ პრეზიდენტ ბუშის დროში ჩარჩა, რომელთანაც კარიერა გაიკეთა, და ისევ იმ გემზე იმყოფება, სადაც სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის თანაშემწის მოვალეობებს ასრულებდა! წინააღმდეგ შემთხვევაში ეცოდინებოდა, რომ ბუშმა „დემოკრატიის შუქურა“ საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტ სააკაშვილს უწოდა და ზუსტად ამით ჩაეყარა საფუძველი გაუცხოებას ქართველ ხალხსა და აშშ-ს შორის! ანუ, ეს იყო უდიდესი შეცდომა აშშ-ის ელჩის მხრიდან, როგორც სხვა მრავალი — მაგალითად, ნოე ჟორდანიას მიმართ პანეგირიკები და მისი ილია ჭავჭავაძესთან გაიგივება, როგორც რუსეთთან მეგობრობის მოწინააღმდეგის, რაც ისტორიის უხეშ ფალსიფიკაციას წარმოადგენს!
ელჩის ანგარიში გრძელდება პროპაგანდისტული ნაწილით მენშევიკურ სტილში, რომელიც თანამედროვე თეზისებით არის გაჟღენთილი, როგორიცაა „შავი ზღვის უსაფრთხოება“, „რუსეთის ოკუპაცია“ და „გავლენის სფეროები“. ისე, რაც დრო გადის, ვრწმუნდებით, რომ ვაშინგტონში იციან საკუთარი ელჩების დაბალი დონე და ამიტომ პერიოდულად უგზავნიან სასაუბროს გამზადებული მორიგი ფრაზებით, რომ ცენტრის პოლიტიკისთვის მიუღებელი სისულელე არ წამოროშონ! მაგრამ დეგნანი ამას მაინც ახერხებს, მაგალითად, როცა მეფე დავითს — როგორც საქართველოს ნატოში გაწევრიანების მომხრედ, ხოლო ქართველებს ძირძველ ევროპელებად მოიხსენიებს, რომ აღარაფერი ვთქვათ სააკაშვილის, ანუ ოპოზიციის მიმართ გამოვლენილ დაუფარავ სიმპათიებზე.
აი, რატომ ამთავრებს თავის პრიმიტიულ მოხსენებას აშშ-ის ელჩი ივანიშვილის ხელისუფლებისა და, საერთოდ, „ჩამორჩენილი“ ქართველების კრიტიკით, რომლებმაც ლგბტ-ს, ერთნაირსქესიან ქორწინებასა და ომს ამჯობინეს მართლმადიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მშვიდობიანი გზა! „საქართველოს პოლიტიკური, სამართლებრივი და მმართველობითი ინსტიტუტები კვლავ არ არის საკმარისად განვითარებული და ვერ პასუხობს დემოკრატიულ იდეალებს, რასაც კიდევ უფრო აფერხებს უაღრესად ტენდენციური და პოლარიზებული პოლიტიკური გარემო... მიუკერძოებელი დემოკრატიული ინსტიტუტები საუკეთესო დაცვაა ავტოკრატიული ტენდენციებისგან და მათგან, ვინც თითქმის ყველაფერს გააკეთებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად. საქართველოს ისტორია აჩვენებს, რომ ეს არაშორსმჭვრეტელი ტენდენციები წარმოუდგენლად საშიშია და საფრთხის ქვეშ აყენებს ბოლო 30 წლის განმავლობაში მიღწეულ პროგრესს“ — აცხადებს დეგნანი. ისმის კითხვა — ნუთუ 30 წლის შემდეგაც, მიუხედავად დახარ}ული მილიარდებისა, ქართველები თავისას არ იშლიან და, უკიდურესი გაჭირვების მიუხედავად, მაინც არ აბიჯებენ ფეხს ხატებს, მეტეხის ხიდთან }ალალედინისაგან თავკვეთილი ასი ათასი მოწამის მსგავსად?! იქნებ ამის შემხედვარე ჩინოვნიკებმა ვაშინგტონში დახურონ პროექტი „GEORGIA“ და, ბოლოს და ბოლოს, დაგვანებონ თავი?!
მოხსენების დარჩენილ ნაწილში აშკარად იკვეთება, თუ რა შეურაცხმყოფლად დაბალი აზრისაა ამერიკელი მისიონერი დეგნანი ქართველებზე: სარგებლობს რა ქართველებისთვის დამახასიათებელი სიამაყით და ფეთქებადობით, ის ყველა ფორმით გვაღიზიანებს რუსების წინააღმდეგ და გამომწვევად გვიმტკიცებს, რომ მათ დედა გვიტირეს, ჩვენი სისხლი დალიეს, ჩვენი წინაპრების საფლავები წაბილწეს და ჩვენი შვილები შეურაცხყვეს! პარალელურ რეჟიმში დეგნანი თუთიყუშივით იმეორებს, რომ საქართველოს 30 წელი აშშ-ზე უკეთესი მეგობარი არ ჰყოლია და არც ეყოლება! არადა, ნამდვილი მეგობრები ასე არ იქცევიან, პირიქით, ისინი ცდილობენ დაპირისპირებული მხარეების შერიგებას და თუ არცთუ შორეულ წარსულს გავიხსენებთ, იან კელისა და კელი დეგნანის წინა ელჩებმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, რუსეთთან საერთო ენა გამოენახა! მაგრამ, როგორც კი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი გახდა, ეს პოლიტიკა რადიკალურად შეიცვალა!
დაბოლოს არ შეიძლება გვერდი ავუაროთ, თუ როგორ შეურაცხყო ელჩმა საქართველო, როცა ანგარიშში საქართველო, პრაქტიკულად, კანონიერი ქურდების ქვეყნად, ხოლო ქართველები კანონიერ ქურდებად გამოაცხადა! „თქვენ ნახეთ, როგორ ატერორებდნენ კანონიერი ქურდები ჩვეულებრივ მოქალაქეებს და ძირავდნენ ქვეყანას უკანონობაში!“ — ამბობს დეგნანი მოხსენების დასასრულს, რის შემდეგაც მისი ხმატკბილი ორაზროვნება „საქართველოს უნიკალური კულტურის, რწმენისა და ტრადიციების მყარ საძირკველზე აყვავებული და ინკლუზიური ქვეყნის მშენებლობასთან“ დაკავშირებით ძალიან არადამაჯერებლად ჟღერს! თანაც ელჩი დასძენს, რომ აშშ საქართველოს მასთან შეუთანხმებლად მომდევნო 30 წელიც არ დაანებებს თავს: „თქვენ გინახავთ ომი, ბრძოლა, პოლიტიკური არეულობა, რევოლუცია, მაგრამ ასევე ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა“ — ამბობს კელი, რითიც პირდაპირ ანიშნებს „ქართულ ოცნებას“, რომ დროა, ოპოზიციაში გადავიდეს და ძალაუფლება ისევ ნაცმოძრაობას დაუთმოს, რათა საქართველოში, აშშ-ის მსგავსად, ორპარტიული სისტემა ჩამოყალიბდეს.
P.S.
ზემოდ განხილული „დეგნანის ტრაქტატის“ შემდეგ, რომელიც „გეორგიევსკის ტრაქტატი“ შეცვალა და რომლის 90% წყალწყალა დეგნაგოგიას და სიძულვილით გაჟღენთილ პროპაგანდას წარმოადგენს, ხვდები, თუ რატომ ჰგონიათ დღეს საქართველოში ყველა განათლებული და გონიერი ადამიანი გიჟი! დღეს ხომ გონიერება არ ფინანსდება… მაგრამ რა მომავალი აქვს ქვეყანას, სადაც გონიერება სიგიჟის ტოლფასია და ინტელექტი, აშშ-ის საელჩოს აზრით, საფრთხეს წარმოადგენს, რადგან ინსტრუქციების შესრულებას მხოლოდ და მხოლოდ მორჩილება სჭირდება?! და ეს ყველაფერი იმ ქვეყნის ელჩის ნაუბარია, რომელიც ყველაზე ძლიერ იმპერიად იმიტომ იქცა, რომ მთელი მსოფლიოდან ყველაზე მოაზროვნე ხალხს მისცა თავშესაფარი და ღირსეული ცხოვრების საშუალება! ჩვენ ასეთ ამერიკას ვიცნობდით და ასეთი ამერიკა გვიყვარდა! ჭკვიანი ადამიანი კი აუცილებლად თავისუფალია და ადრე თუ გვიან „შერეკილებისა“ არ იყოს, აუცილებლად „გაფრინდება“! ხოლო შტერს ფრენა სიზმარშიც არ ძალუძს. აი, სად არის ჭეშმარიტი თავისუფლება და დემოკრატია, ქალბატონო დეგნან!
„საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2022 წლის 31 იანვარი
საქართველო, თბილისი