პოლიტიკა
NDI-ს სოცგამოკითხვის მეთოდი — მოახდინოს სიმართლის აღრევა აშკარა სიცრუესთან

 საქართველო, 28 იანვარი, საქინფორმი. აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულების 83%-ისთვის მისაღებია ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, რაც წინა, 2021 წლის კვლევის 76%-იან მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა. 8%-ისთვის მიუღებელია, 8%-მა კი არ იცის.

NDI-ის თქმით, მოქალაქეები პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად თანხმდებიან, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება მნიშვნელოვანია.

ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა ყველაზე მაღალი მაჩვენებლით – 85%-ით – თბილისი ლიდერობს, ყველაზე დაბალი – 82% კი – სოფლად ფიქსირდება.

ევროკავშირის წევრობას ყველაზე მეტად – 89% – 18-34 წლის მოქალაქეები ემხრობიან. 35-54 და 55+ ასაკობრივ ჯგუფებში ეს მონაცემი 81% და 79%-ია.

NDI-ისთვის საველე სამუშაოები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით CRRC-საქართველომ ჩაატარა. გამოკითხვა ჩატარდა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2 099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევის ავტორების თქმით, ცდომილების საშუალო ზღვარი +/-1.4%-ია.

კვლევის თანახმად, წინა, 2021 წლის ივლისის კვლევასთან შედარებით, 74%-დან 77%-მდე გაიზარდა ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერთა რიცხვიც. 11% ნატოს წევრობას მხარს არ უჭერს, 12%-მა არ იცის.

ნატოს წევრობის მხარდამჭერთა რიცხვი ყველაზე მაღალი – 80% – ასევე თბილისშია, სხვა ქალაქებში ეს მაჩვენებელი 78%-ს შეადგენს, სოფლად კი – 73%-ს.

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების ყველაზე მაღალი მაჩვენებლი – 84% – 18-34 ასაკობრივ ჯგუფში ფიქსირდება, 35-54 და 55+ ჯგუფებში კი – ეს მონაცემბი 75% და 71%-ის ტოლია.

საქინფორმი: NDI, უფრო სწორად, ცნობილი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ასრულებს აშშ-ის ნაციონალური ინსტიტუტის დაკვეთებს, რჩება გამოკითხვების გაყალბების მეთოდოლოგიის ერთგული. მეტ-ნაკლებად რეალური სურათი, რომელიც უკავშირდება მოსახლეობაში პოლიტიკურ პარტიებსა და საქართველოს ეკონომიკის განვითარების პერსპექტივასთან მიმართებაში ნაცნობ იმედგაცრუებას, ენაცვლება აშკარად ყალბ შედეგებს ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს სწრაფვასთან დაკავშირებით, სადაც მას კიდევ დაახლოებით 30 წელი არ მიიღებენ და ისიც - მხოლოდ უკრაინის შემდეგ.