აქტუალური
დავით ზალკალიანი: რეზოლუციის ტექსტის კრიტიკისას საქმე გვაქვს პოლიტიკურ მანიპულაციებთან

 საქართველო, 28 იანვარი, საქინფორმი. რეზოლუციის ტექსტში მთავარი პათოსია ის, რომ ჩვენი პოზიციაა, არ იყოს დაშვებული სიტუაციის შემდგომი ესკალაცია, ნაბიჯები იყოს გადადგმული პრევენციისკენ და იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ომი , - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არ არის ნახსენები რუსეთის, როგორც ოკუპანტი ქვეყნის სახელი უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტში.

როგორც მან აღნიშნა, რეზოლუციის ტექსტის კრიტიკა პოლიტიკური მანიპულაციეების გამო ხდება.

საქმე გვაქვს პოლიტიკურ მანიპულაციებთან და ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ საქართველოს პარლამენტს კონსენსუსზე დაფუძნებული ერთიანი რეზოლუცია მიეღო. ტექსტში, რომელიც ხელისუფლებამ შეიყვანა, მთავარი პათოსი იყო ის, რომ ჩვენი პოზიციაა, არ იყოს დაშვებული სიტუაციის შემდგომი ესკალაცია, ნაბიჯები იყოს გადადგმული პრევენციისკენ და ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ომი, სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრა და მისი ფუნდამენტური საერთაშორისო უფლებების დარღვევა. ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე, სუვერენიტეტზე, ღია კარის პოლიტიკაზე, სუვერენულ უფლებაზე ავირჩიოთ ჩვენი ალიანსები - ამ ყველაფერზე საუბარია რეზოლუციაში. ჩვენ არ გვეშინია მკაფიო პოზიციის დაფიქსირების - ეს რომ ასეა, ფაქტებით არის დადასტურებული. მინდა შეგახსენოთ, რომ ამ ხელისუფლებამ ძალიან ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენ არამხოლოდ პოლიტიკურად, არამედ სამართლებრივადაც მიგვეღო დოკუმენტი, სადაც იქნებოდა ტერმინი ოკუპაცია და ყველაფერს დაერქმეოდა თავისი სახელი და რუსეთის ფედერაცია იქნებოდა განსაზღვრული, როგორც ეფექტური კონტროლის გამტარებელი ოკუპანტი ქვეყანა დაპყრობილ ტერიტორიებზე. ჩვენ ეს გავაკეთეთ სტრასბურგში. ეს სტრასბურგის სასამართლოს სამართლებრივ გადაწყვეტილებაში არის და არა მხოლოდ პოლიტიკურში, ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო ძლიერია, ვიდრე პოლიტიკური განაცხადი. ამ რეზოლუციის პათოსი უნდა ყოფილიყო მხოლოდ ის, რომ მომხდარიყო სიტუაციის ესკალაციის შეჩერება და ომის პრევენცია“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, კარგი იქნებოდა, რომ ეს თემა არ გამხდარიყო „პოლიტიკური მანიპულაციების საგანი“ და ყოფილიყო კონსენსუსზე დაფუძნებული რეზოლუცია.

მისივე თქმით, ექსპერტები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ, საკუთარ ლოგიკას ეწინააღმდეგებიან.

თუკი რუსეთის ხელისუფლების მხრიდან კრიტიკა ჩვენ მიმართ მოდის, გამოდის, რომ მთლად ისეთი ლოიალური დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციის მიმართ არ გვაქვს. რუსეთმა თავად უნდა გამოიტანოს დასკვნები წარსულიდან, რადგან რაც მათ გააკეთეს საქართველოსთან მიმართებით, დაუშვებელია და სწორედ იმ შედეგებს ვიმკით ჩვენ დღეს, როდესაც საერთაშორისო პრინციპები არის თავდაყირა დაყენებული სწორედ იმის გამო, რომ 2008 წელს საქართველოს ოკუპაცია და ფუნდამენტური პრინციპების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უგულვებელყოფა მოხდა. სწორედ რუსეთის ფედერაციამ უნდა გადადგას ნაბიჯები დეოკუპაციასთან დაკავშირებით. 2012 წლიდან, მას შემდეგ რაც ხელისუფლებაში მოვედით, მთელმა მსოფლიომ იცის, რომ უამრავი ნაბიჯი გადაიდგა სიტუაციის დეესკალაციის მიმართულებით. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციას საბაბი არ მისცემოდა, რომ ყოფილიყო დესტრუქციული თუნდაც ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში. პრემიერ-მინისტრმა სპეციალური კომუნიკაციის არხიც დააფუძნა - ზურა აბაშიძე მაქვს მხედველობაში, რათა დიალოგის არხი ყოფილიყო იმისთვის, რომ იმ თემებზე, სადაც შესაძლებელი იქნებოდა რაღაც შეთანხმების მიღწევა, თუნდაც ფრენების აღდგენასთან ან ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით, არ გამოეყენებინათ ეკონომიკური ბერკეტები პოლიტიკური მიზნებისთვის. ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი შემხვედრი ნაბიჯი გადავდგით, რასაც, სამწუხაროდ, არ მოჰყვა რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემხვედრი ნაბიჯები. ჩვენ გავაკეთეთ ძალის არ გამოყენების განცხადება, რომელიც იურიდიულად სავალდებულო გახდა. ესეც დეესკალაციისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯია, რასაც არ მოჰყვა რუსეთის ფედერაციის მხრიდან იგივე და დღემდე ველოდებით, რომ მათაც განცხადება გააკეთონ ძალის არ გამოყენებასთან დაკავშირებით. ფრენები ხომ ჩვენ არ შეგვიწყვეტია? რუსეთმა შეწყვიტა აბსოლუტურად ხელოვნური მიზეზების გამო“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.