საქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ სიტყვაში, აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ორმხრივ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობასა და ისტორიულ ურთიერთობებზე ისაუბრა, თუმცა იგი საქართველოს ინსტიტუტების განვითარების შეფერხების საკითხსაც შეეხო.
აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ მართალია, „მომდევნო 30 და მისი შემდგომი წლების ჩვენეული ხედვა ოპტიმისტურია“, არსებობს გამოწვევები, რომლებსაც დღეს გადაჭრა სჭირდებათ. ამ გამოწვევებს შორის მან საქართველოს პოლიტიკური, სამართლებრივი და მმართველობითი ინსტიტუტები დაასახელა, რომლებიც კვლავ არ არიან საკმარისად განვითარებულნი და ვერ პასუხობენ დემოკრატიულ იდეალებს, „რასაც კიდევ უფრო აფერხებს უაღრესად ტენდენციური და პოლარიზებული პოლიტიკური გარემო“.
„როგორც ბოლო დროს ბევრი ქვეყნის მაგალითზე ვიხილეთ, მიუკერძოებელი დემოკრატიული ინსტიტუტები საუკეთესო დაცვაა ავტოკრატიული ტენდენციებისგან და მათგან, ვინც თითქმის ყველაფერს გააკეთებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად“, – განაცხადა ელჩმა და დასძინა, რომ „საქართველოს ისტორია აჩვენებს, რომ ეს არაშორსმჭვრეტელი ტენდენციები წარმოუდგენლად საშიშია და საფრთხის ქვეშ აყენებს ბოლო 30 წლის განმავლობაში მიღწეულ პროგრესს“.
ელჩის თქმით, საქართველოს ეკონომიკას უჭირს სათანადო ეკონომიკური შესაძლებლობები შესთავაზოს ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდას, რათა მათ ქვეყანა არ დატოვონ.
ამ გამოწვევების ფონზე, ელჩმა აღნიშნა, რომ „ავტოკრატიულ კრემლს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი გამოიყენოს თავისი ძალაუფლების ფართო სპექტრი დაბნეულობის გასაღვივებლად და განხეთქილების გასაღრმავებლად, რაც საქართველოს სუვერენიტეტის, ერთიანობისა და სტაბილურობის შელახვას ისახავს მიზნად“.
მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობას სჭირდება „ერთიანობა და სიმტკიცე გარე მტრების წინააღმდეგ“, განსაკუთრებით რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის ფონზე.
აშშ-ის ელჩის თქმით, მართალია, საქართველოში „მრავალი მნიშვნელოვანი რეფორმა“ განხორციელდა, არის მოწოდებები კიდევ ბევრისკენ, რათა „შენარჩუნდეს მუხტი საქართველოს უნიკალური კულტურის, რწმენისა და ტრადიციების მყარ საძირკველზე თანამედროვე, აყვავებული, ინკლუზიური ქვეყნის მშენებლობისთვის“.
ელჩის განცხადებას ავტოკრატიული ტენდენციების წინააღმდეგ დაცვის შესახებ ქართველი პოლიტიკოსების განსხვავებული რეაქციები მოჰყვა. ოპოზიციის თქმით, ეს იყო მინიშნება ქართული ოცნების ხელისუფლების მისამართით.
საპასუხოდ, ქართული ოცნების დეპუტატმა, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ „საქართველოში ავტოკრატია ვერ დამყარდება, არ დამყარდება“.
„საქართველოში არანაირი ავტოკრატია და ტირანია არ არსებობს“, – აღნიშნა მან და ხაზი გაუსვა, რომ ვინც რა უნდა თქვას, იგი ამ პოზიციას დაიცავს.
დეპუტატმა განაცხადა, რომ „რუსული აგრესია უნდა იყოს კოლექტიური ურთიერთთანადგომით დაძლეული, უნდა იყოს დემოკრატიული ინსტიტუტების მუდმივ განვითარებასთან ერთად ეკონომიკური ვითარების წინსვლა“.