საქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) 25 იანვარს სამხრეთ კავკასიაში ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსი (LGBTI) ადამიანების უფლებების სავარაუდო დარღვევების შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ნათქვამია, რომ „ქვეყნის კულტურული და რელიგიური ტრადიციები სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, გენდერული გამოხატვისა და სქესობრივი მახასიათებლების ნიადაგზე დისკრიმინაციის გასამართლებლად არ უნდა იქნას გამოყენებული“.
რეზოლუცია შეშფოთებას გამოხატავს სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ლგბტი პირთა მდგომარეობის გამო და მათი უფლებების „ბევრ დარღვევაზე“ ამახვილებს ყურადღებას.
PACE-მა აღნიშნა, რომ ლგბტი პირთა მხარდამჭერი დემონსტრაციები, „როგორებიცაა გეი პრაიდები, არ წარმოადგენს იმ პირთა უფლებების დარღვევას ან შეზღდვას, რომლებიც მათ არ ეთანხმებიან“.
„ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის თითოეულ ხელმომწერ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, რომ ფუნდამენტური უფლებების დაცვა უზრუნველყოს და, მათ შორის, კონფლიქტების აღკვეთის საუკეთესო გზა გამონახონ“, – განაცხადა ასამბლეამ.
ასამბლეამ სამივე ქვეყანას მოუწოდა, რომ ლგბტი პირთა უფლებების მხარდამჭერი საჯარო ღონისძიებების ჩატარების უფლება დაიცვან, მათი უსაფრთხოდ ჩატარება უზრუნველყონ, მონაწილეები ნებისმიერი ძალადობისგან დაიცვან და ძალადობის შემთხვევები ეფექტიანად გამოიძიონ.
რეზოლუცია ასევე მოუწოდებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს მედიის თავისუფლება და დამოუკიდებლობა, ასევე მათი თანამშრომლების უსაფრთხოება უზრუნველყონ და გააძლიერონ თანამშრომლობა ლგბტი პირთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
ასამბლეა სახელმწიფოებს რეკომენდაციას აძლევს, რომ ხელი შეუწყონ საჯარო მოხელეთა განათლებას ადამიანის უფლებებზე და კერძოდ, სასამართლო სისტემისა და სამართალდამცველი სტრუქტურების თანამშრომლებისთვის სპეციალური ტრენინგები ჩაატარონ ლგბტი პირთა მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებისა და სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის შესახებ.
ასამბლეა მიესალმა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს შესაბამისი კანონმდებლობის მიღებით, რომელიც დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას ითვალისწინებს, მათ შორის, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიადაგზე, ხოლო ლგბტი პირთა მიმართ შეუწყნარებლობას სისხლის სამართლის კანონმდებლობაში დამამძიმებელ გარემოებად განსაზღვრავს.
ასამბლეამ რეკომენდაცია მისცა საქართველოს, რომ ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობაში ასევე შეიტანოს დისკრიმინაცია გენდერული გამოხატვისა და სქესობრივი მახასიათებლების ნიადაგზე. ასამბლეის თქმით, საქართველომ უნდა უზრუნველყოს თანასწორობის, ასევე არადისკრიმინაციული კანონმდებლობისა და პოლიტიკის სრულად განხორციელება.
ასამბლეამ ასევე მოუწოდა საქართველოს, რომ შექმნას მართლმადიდებელ ეკლესიასთან დიალოგის ორგანო, რომელიც „საჯარო ღონისძიებების მიმართ, როგორიცაა გეი პრაიდის მსვლელობები, ეკლესიის წარმომადგენელთა დამოკიდებულებას მოაგვარებს და ლგბტი ადამიანების შესახებ სტიგმატური კომენტარების თავიდან აცილების აუცილებლობაზე გაამახვილებს მათ ყურადღებას“.
რეზოლუცია მოუწოდებს ქვეყანას, რეგულარულად აკონტროლოს ლგბტი პირთა მდგომარეობა და შესაბამის ორგანოებს სათანადო ფინანსები და ადამიანური რესურსები გამოუყოს.
რეზოლუცია PACE-ის თანასწორობოსა და დისკრიმინაციის აკრძალვის კომიტეტის ანგარიშს ეფუძნება, რომელიც კომიტეტის წევრმა კრისტოფ ლაკრუამ მოამზადა.
ანგარიში საქართველოში ლგბტი პირთა უფლებების დაცვის კუთხით არსებულ სიტუაციას მიმოიხილავს და შეშფოთებას გამოთქვამს მათი გამოხატვის თავისუფლების დარღვევის გამო, რასაც ხშირად თან ახლდა ლგბტი პირთა ღონისძიებების მიმართ სიძულვილისა და ძალადობის გამოხატვის, ასევე მათი ჩაშლის შემთხვევები.
დოკუმენტში ნახსენებია 2019 წელს რადიკალური ჯგუფების მიერ ქართულ-შვედური ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის ჩაშლის მცდელობა, ასევე 2021 წლის ივლისის ჰომოფობიური დარბევები.
ანგარიშში ასევე საუბარია პოლიციის მიერ ლგბტი პირთა, განსაკუთრებით ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ ცუდი და სასტიკი მოპყრობის შემთხვევებზეც.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ადგილი ჰქონდა სიკვდილის მუქარის რამდენიმე შემთხვევას იმ პირთა მიმართ, რომლებიც საქართველოში ლგბტი პირთა უფლებებს იცავენ.
ანგარიში სკოლებში ჰომიფობიისა და ტრანსფობიის საკითხსაც ეხება და ახალგაზრდა ლგბტი პირთა მიმართ მხარდაჭერის ნაკლებობაზე ამახვილებს ყურადღებს. დოკუმენტის თანახმად, მხარდაჭერის ნაცვლად, მშობლები და მასწავლებლები მათ „განკურნებას“ ცდილობენ ან ხშირად სახლიდანაც აგდებენ.
Civil.ge