საზოგადოება
დაინიშნა პირდაპირი რეისი თბილისი–მოსკოვი

 საქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. ქართული ავიაკომპანია Georgian Airways 28 იანვარს პირდაპირ ავიარეისს შეასრულებს თბილისი–მოსკოვი–თბილისის მარშრუტით, ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.

ავიაბილეთები უკვე იყიდება. ბულეთის ღირებულება თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით 718 ლარია, უკან – 620 ლარიდან.

თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 10:00 საათზე გაფრინდება, ვნუკოვოს აეროპორტში ის მოსკოვის დროით 11:30 საათზე დაჯდება. უკან კი მოსკოვის დროით 12:30 საათზე გამოფრინდება.

რეისი შესრულდება თვითმფრინავით Boeing 737.

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის არარსებობის პირობებში, Georgian Airways–მა, საახალწლო და საშობა დღესასწაულებთან დაკავშირებით, ორი ჩარტერული რეისის შესრულების ნებართვა მიიღო.

„ერთი რეისი 8 იანვარს შესრულდა. მეორე პირდაპირი რეისი 28 იანვარს არის დანიშნული. კიდევ დაინიშნება თუ არა პირდაპირი ავიარეისები, ვერ გეტყვით“, – განუცხადა Sputnik–საქართველოს ავიაკომპანიის წარმომადგენელმა.

მან ასევე განმარტა, რომ კვლავ სრულდება რეგულარული ავიარეისი თბილისი–ერევანი–მოსკოვი და მოსკოვი–ერევანი–თბილისი.

სოციალური ქსელების მომხმარებელი პირდაპირი რეისის დანიშვნას რუსეთის მიმართულებით აღფრთოვანებით შეხვდა. ისინი აღნიშნავენ, რომ ეს საუკეთესო ინფორმაციაა და იმედი აქვთ, რომ რეისებს აღარ გააუქმებენ.

უფრო ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენის პირობები დაასახელა. ესენია: ვითარების სტაბილიზაცია საქართველოში, რუსოფობიული კამპანიის შეჩერება და რუსეთის მოქალაქეებისთვის საფრთხის არარსებობა.

საქართველო ყოველთვის მზადაა რუსეთთან პირდაპირი მიმოსვლის აღსადგენად, რადგან რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში არაფერი ემუქრებათ, თავის მხრივ განაცხადა საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ.

რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა 2019 წლის ზაფხულში აკრძალა მას შემდეგ, რაც რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის თბილისში ჩამოსვლას საპროტესტო აქციები მოჰყვა.

საქართველოსა და რუსეთს შორის არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობები. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

დიალოგი ქვეყნებს შორის ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრ გრიგორი კარასინს შორის შეხვედრების მეშვეობით მიმდინარეობს.

Sputnik–საქართველო