საზოგადოება
პარტია „საქართველოსთვის“ პარლამენტში პრემიერისა და შს მინისტრის მისვლას ითხოვს

 საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. მეტროში პოლიციელის მიერ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვნის ცემის საქმეზე, პარტია „საქართველოსთვის“ პარლამენტში პრემიერ-მინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრს იბარებს. ამის შესახებ ბრიფინგზე პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მივესალმებით სახელმწიფო ინსპექტორის მყისიერ რეაგირებას, თუმცა ამ საკითხს განვიხილავთ შინაგან საქმეთა მინისტრის, პრემიერ-მინისტრისა და ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობის ჭრილში, სისტემურად, შემდეგ მიზეზთა გამო – როგორც მოგეხსენებათ, 2018 წელს დავიწყეთ სისტემური განახლება სამართალდამცავ უწყებებში, რომლის მიზანიც გახლდათ საპოლიციო საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესება და ასეთი მძიმე დანაშაულებების აღმოფხვრა. სწორედ ამ მიზნით შევქმენით ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, ამ მიზნით დაიწყო საგამოძიებო სისტემის რეფორმა, გამკაცრდა პოლიტიკა, მათ შორის, ძალადობის ჩამდენი პოლიციელების მიმართ, საფუძველი ჩაეყარა არასრულწლოვნებზე სპეციალიზებული დანაყოფის შექმნას სამართალდამცავ სისტემაში.

სამწუხაროდ, ეს ყველაფერი დღეს არის გაჩერებული. დეპარტამენტის გაძლიერება და მანდატის გაზრდა არ მომხდარა. საგამოძიებო სისტემის რეფორმა შეჩერდა; უფრო მეტიც, ერთადერთი სამსახური, ძალადობის აღმკვეთი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმებულია; შედეგი სახეზეა, ამიტომაც ვიბარებთ ამ ადამიანებს პარლამენტში, მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს, რათა საზოგადოებას აუხსნან, გასცენ შესაბამის შეკითხვებს პასუხი“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.