საქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა უკრაინელ კოლეგა დმიტრო კულებასთან სატელეფონო საუბარი გამართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საუბრისას დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მტკიცე თანადგომა გამოუცხადა არსებულ რთულ ვითარებაში.
უწყების ცნობით, დავით ზალკალიანმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო და უკრაინა ოკუპაციასთან დაკავშირებული საერთო გამოწვევების წინაშე დგანან.
„მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია მიმდინარე პროცესებზე, უკრაინის საზღვრებთან დღეს არსებულ ვითარებაზე. ასევე, ისაუბრეს დასავლელი პარტნიორების რუსეთთან მიმდინარე დიალოგის პარალელურად, უკრაინისა და საქართველოს მაღალი დონის წარმომადგენლებთან კომუნიკაციაზე.
ამ კონტექსტში მხარეებმა დადებითად შეაფასეს საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა და მათი ერთმნიშვნელოვანი პოზიცია, რომ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, ისევე როგორც ორი ქვეყნის სუვერენული უფლება, აირჩიოს საკუთარი მომავალი და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, არის ის წითელი ხაზი, რომლის გადახედვაც მოლაპარაკების პროცესში არ მოხდება, საქართველოსა თუ უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული ამ ქვეყნების ჩართულობის გარეშე.
სატელეფონო საუბრის დროს ხაზი გაესვა საქართველოსა და უკრაინას შორის საერთაშორისო პლატფორმებსა და ორმხრივ რეჟიმში არსებულ მჭიდრო კომუნიკაციას. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება მაღალი დონის კონტაქტები მიმდინარე პროცესებზე ინფორმაციის გაცვლისა და პოზიციების გაზიარების მიზნით“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.