2011 წლის 25 მაისს მშვიდობიანმა მომიტინგეებმა მიიღეს სამართლიანი გადაწყვეტილება: უმაღლესი მთავარსარდალი, რომელმაც ვერ შეინარჩუნა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, სასტიკად დამარცხდა და დატოვა ბრძოლის ველი, სამხედრო პატაკს ვერ უნდა იბარებდეს! პრეზიდენტი, რომელიც ღალატობს თავის ფიცს ქვეყნისა და ღმერთის წინაშე, ვერ უნდა ზეიმობდეს საქართველოს დამოუკიდებლობას! დამოუკიდებლობას, რომელიც ქართველმა ხალხმა მოიპოვა ხანგრძლივი ბრძოლისა და სისხლის ფასად, უნდა ზეიმობდეს ქართველი ერი...
სამწუხაროდ, საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლისთავი სააკაშვილის „დემოკრატიული“ ხელისუფლების მხრიდან ქართველ ხალხზე სასტიკი ანგარიშსწორებით აღინიშნა...ჩვენ ვიხილეთ გალახული, დამცირებული, შეურაცხყოფილი და მიწაზე გართხმული საქართველო...
საქართველოს ხსნის საერთაშორისო კავშირი „ნათლის მხედარი“ გმობს ხელისუფლების მიერ 2011 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ჩატარებულ სადამსჯელო ოპერაციას ქართველი ხალხის წინააღმდეგ, სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებული მშვიდობიანი მომიტინგეები, შეწყვიტოს აქციის მონაწილეთა და, აგრეთვე, ჟურნალისტთა დევნა-შევიწროება, ცემა და უკანონო დაპატიმრებები.
26 მაისი, 2011
ლონდონი