საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. ცხინვალის საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე სოფელ ერგნეთში 20 იანვარს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 104-ე შეხვედრა გაიმართა.
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, რომელიც IPRM-ის ეუთოსთან ერთად შეხვედრების თანაფასილიტატორია, განაცხადა, რომ მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს თვითნებური დაკავებებისა და „ბორდერიზაციის“ შემთხვევებზე, ასევე ჩორჩანა-წნელისის რაიონში არსებულ ვითარებასა და კოვიდ-19 პანდემიის შედეგებზე.
თანაფასილიტატორებმა – ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, მარეკ შჩიგელმა და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, ვიორელ მოჩანუმ შეშფოთება გამოხატეს ბოლო კვირების განმავლობაში გახშირებული დაკავებების გამო და ამ შემთხვევების მიმართ ჰუმანიტარული მიდგომის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანახმად, მათ გამოთქვეს მზადყოფნა, რომ გადაადგილების მეტი თავისუფლების აღდგენისკენ მიმართულ ძალისხმევას დაუჭირონ მხარი.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ ცხინვალის ხელისუფლებას არ ჰქონდა კონკრეტული პასუხი თვითნებურად დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებასთან დაკავშირებით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნაზე. „ბრძოლა გაგრძელდება მანამდე, სანამ თითოეული მათგანი არ დაუბრუნდება საკუთარ ოჯახებს“, – აღნიშნა მან.
თუმცა, ანთაძემ განაცხადა, რომ ცხინვალის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ექვსი დაკავებულის გასათავისუფლებლად გარკვეული პროცედურები მიმდინარეობს.
ანთაძე ყოფილი ქართველი სამხედროს, მამუკა ჩხიკვაძის დაკავების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ცხინვალიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ასევე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ დღეს ციხეში მისი მონახულების შემდეგ ირკვევა, რომ არ არსებობს იმის მტკიცების რაიმე საფუძველი, რომ იგი, შესაძლოა, ციხეში აწამეს.
საინფორმაციო სააგენტოს „რესის“ ცნობით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წარმომადგენელმა, იგორ კოჩიევმა განაცხადა, რომ ცხინვალმა კიდევ ერთხელ მოსთხოვა თბილისს ჩორჩანა-წნელისის პოლიციის საგუშაგოს აღება.
მანვე აღნისნა, რომ ცხინვალმა დანარჩენი საქართველოს ტერიტორიიდან უპილოტო მფრინავი აპარატების მიერ ცხინვალის რეგიონის „საჰაერო სივრცის“ დარღვევის საკითხი დააყენა და ამაში ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ დაადანაშაულა.
ერგნეთის მომდევნო შეხვედრა 4 მარტს გაიმართება.