აქტუალური
CNN: უკრაინის მთავრობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ კიევი ბაიდენის განცხადებით გაოგნებულია

 საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. უკრაინის მთავრობის წარმომადგენელი ამერიკულ ტელეკომპანია „CNN”-თან საუბარში აცხადებს, რომ შოკირებულია ჯო ბაიდენის იმ განცხადებით, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინაში რუსეთის მიერ შესაძლო შეჭრასა და „მცირე შეჭრას“ ერთმანეთისგან განასხვავებს.

ეს პუტინს მწვანე შუქს უნთებს უკრაინაში შესასვლელად“, – აღნიშნა „CNN”-თან საუბარში უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელმა, რომლის სახელსაც ამერიკული მედიასაშუალება არ ასაჯაროებს.

უკრაინის მთავრობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ აქამდე აშშ-ის ადმინისტრაციისგან მსგავსი რამ არასდროს მოუსმენიათ.

„კიევი გაოგნებულია“, – აღნიშნავს „CNN”-ის რესპონდენტი.

წინა დღეს გამართული პრესკონფერენციის დროს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა: ერთი საკითხია მცირე შეჭრა და იმაზე დავა, თუ რა მოვიმოქმედოთ ან არ მოვიმოქმედოთ, თუმცა თუ ისინი რეალურად გააკეთებენ იმას, რისი უნარიც შესწევთ საზღვართან თავმოყრილი ძალებით, ეს იქნება კატასტროფა რუსეთისთვის, თუ ისინი შემდგომში შეიჭრებიან უკრაინაში. ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები მზად არიან, მიაყენონ სერიოზული ზიანი რუსეთს და რუსეთის ეკონომიკას. რუსეთს პასუხისგება მოუწევს შეჭრის შემთხვევაში“.