საქართველო, 20 იანვარი, საქინფორმი. სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, ომბუდსმენის აპარატთან არსებული სამედიცინო ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებული დასკვნა წარადგინა.
როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, სააკაშვილის მიერ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ, ექიმების აღნიშნულმა ჯგუფმა ის სამჯერ მოინახულა და დღეს წარდგენილი ანგარიში ამ ეტაპისთვის შემაჯამებელია.
„ეს არის მესამე ვიზიტი, რაც ამ ჯგუფმა განახორციელა შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ. შესაბამისად, დღეს ჩვენ წარმოვადგენთ ერთგვარად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შემაჯამებელ ანგარიშს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის თუ წარმართული სამედიცინო მკურნალობის თაობაზე, ვინაიდან ჩვენ დავინახეთ, რომ ამ სამი ვიზიტის განმავლობაში (პირველი განხორციელდა 23 ნოემბერს, შემდგომ 12 დეკემბერს და ბოლო 11 იანვარს), არსებითი ცვლილებები მკურნალობის მეთოდოლოგიის თვალსაზრისით არ განხორციელებულა; ძირითადად, პაციენტი იმყოფება მედიკამენტურ მკურნალობაზე, თუმცა კვლავ შეუსრულებელია ჩვენ მიერ გაცემული რეკომენდაციები ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის საჭიროების თაობაზე, რომელიც გავეცით ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს.
თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ აღნიშნული სამედიცინო დახმარების და სერვისის მიწოდება არ ხორციელდება. ამიტომ, რა თქმა უნდა, არსებითად თუ არ შეიცვალა ვითარება, როგორც მკურნალობის მეთოდოლოგიის, ასევე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ დამატებით კიდევ განვახორციელოთ ვიზიტი, ვინაიდან სამმა ვიზიტმა დაგვანახვა, რომ მკურნალობის მიდგომების თვალსაზრისით და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით, არსებითი ცვლილებები არ არის.
ამიტომ შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ამ ეტაპისთვის ეს ანგარიში, შეფასებები და რეკომენდაციები, იქნება შემაჯამებელი შეფასებები პაციენტის მდგომარეობის და საჭირო და აუცილებელი სამედიცინო დახმარების თაობაზე. ვიზიტი განახორციელა ხუთმა ექიმმა, თუმცა კონსილიუმის განხილვებში მონაწილეობას იღებდა რვა ექსპერტი და შესაბამისად, რვა სამედიცინო ექსპერტი აწერს ხელს აღნიშნულ დასკვნას“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
სახალხო დამცველთან არსებული სამედიცინო ჯგუფის წარმომადგენელმა, ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პაციენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა რჩება საყურადღებო. „ვფიქრობ, სააკაშვილისთვის საჭიროა ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია, რომელიც საპატიმროს პირობებში ნაკლებად რეალისტურია, თუმცა შეუძლებელი არ უნდა იყოს“, – განაცხადა თენგიზ წულაძემ.