საქართველო, 19 იანვარი, საქინფორმი. საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყურადღებით ადევნებენ თვალს მიმდინარე მოვლენებს.
ჰარცელის თქმით, ამ შემთხვევაში ძირითადად მნიშვნელოვანია სამი ასპექტი.
„როდესაც საქმე ეხება სააკაშვილის შესახებ არსებულ ვითარებას, ამ საქმეს დასაწყისიდანვე ყურადღებით ვადევნებთ თვალს და ძირითადად მნიშვნელოვანია სამი ასპექტი. პირველი არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მეორე არის ზოგადი მოპყრობა მის, როგორც პატიმრის მიმართ და მესამეა იმაში დარწმუნება, რომ ეს პროცესი სამართლიანი სასამართლოს პრინციპს ეფუძნება.
ამ ვითარებაში, ჩვენ ჯერ კიდევ თვალს ვადევნებთ მოვლენებს ამ სამი ასპექტის ირგვლივ. მესმის, რომ ხვალ ველოდებით სახალხო დამცველის სამედიცინო ჯგუფის მოხსენებას, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება იმის გასაგებად და დასანახად, თუ როგორია ამ ჯგუფის დასკვნები. ობიექტური სამედიცინო რჩევა არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ ამ საქმის შეფასებისას გათვალისწინებული იყოს, თუ რისი გაკეთებაა საჭირო“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
ამასთან, კარლ ჰარცელმა სააკაშვილთან დაკავშირებით ვიდეოჩანაწერების გავრცელების შესახებ აღნიშნა, რომ ასეთი მოქმედებები კითხვებს აჩენს.
„მე, ცხადია, ვერ ვისაუბრებ სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მაგრამ რაც შეეხება თავად საკითხებს, რომელიც უკავშირდება ციხეში მყოფი ბატონი სააკაშვილის ვიდეოჩანაწერების გავრცელებას, ჩვენი მოსაზრებები მაშინვე გამოვთქვით. ამ ფაქტის საერთაშორისო სამართლის და ადამიანის უფლებების ასპექტით დანახვის პოზიციიდან გამომდინარე, ასეთი მოქმედებები კითხვებს აჩენს და ვიმედოვნებთ, ეს აღარ განმეორდება. არ აქვს მნიშვნელობა, რა მოხდება ამ პროცესთან დაკავშირებით“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.