საზოგადოება
როგორც „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის დარბევის ფაქტის კომენტირებისას განაცხადა, აქცია ხალხის დაკვეთით განახორციელა „სახალხო კრებამ“ და მისი დარბევა დასტურია იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების ნაცვლად ტერორისტული ბანდა ჰყავს.
მისივე თქმით, აქციის დარბევის შემდეგ აქციის ორგანიზატორები და ბურჯანაძე-ბიწაძის ოჯახი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან არ გაპარულან. „ეს არ არის სახელმწიფო, ეს არის ტერორისტული ბანდა, რომელიც მართავს სახელმწიფოს, რომელმაც ბინძური ინფორმაცია გაავრცელა და განაცხადა, რომ ჩვენ ვიმალებით. ჩვენ არსადაც არ ვიმალებით. კიდევ კარგი, ადამიანები ხედავდნენ ყველაფერს; კიდევ კარგი, რომ არსებობს კადრები იმისა, რომ ჩვენი მანქანები გავიდნენ პრაქტიკულად ბოლოს, როდესაც მოედანი თითქმის თავისუფალი იყო და კარგად ჩანს მანქანების უკან უკვე სპეცნაზის მანქანები, რომლებიც, პრაქტიკულად, 2-3 მეტრითაც კი არ არიან ჩვენგან დაშორებული“, – განაცხადა ბურჯანაძემ. ამასთან, ბურჯანაძემ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის მისამართითაც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ „მათ საქართველოს ხელისუფლება მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობაში უნდა დაერწმუნებინა“. მისივე თქმით, პრეზიდენტ სააკაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აქციის დარბევის გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდა, თუმცა მათ უწმიდესს არ დაუჯერეს. „იმედი მაქვს, რომ პატრიარქი ამ საკითხთან დაკავშირებით საგანგებო პოზიციას დააფიქსირებს და საგანგებო განცხადებას გააკეთებს. ჩვენ გვინდა, ვირწმუნოთ, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი არ განადგურებულა“, – განაცხადა ბურჯანაძემ.