სამართალი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ყირგიზეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის დელეგაციას უმასპინძლა

 საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს გამოცდილებას კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით, რეკომენდაციების შესრულების პრაქტიკას და არსებულ საკანონმდებლო ჩარჩოს ყირგიზეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის დელეგაცია ეცნობა.

დელეგაციას, რომელსაც ყირგიზეთის გენერალური პროკურორის მოადგილე ხელმძღვანელობს, დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რევაზ ჯაველიძემ უმასპინძლა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმულ წარმატებულ ნაბიჯებს და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა სფეროში.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია თემატური შეხვედრები სხვადასხვა უწყებებთან, მათ შორის, საქართველოს გენერალური პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ფინანსთა სამინისტროს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლებთან.

დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში არიან ყირგიზეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის იურიდიული და ანტიკორუფციული დეპარტამენტების პროკურორები, ასევე, ყირგიზეთში გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის (UNODC) პროგრამის ეროვნული კოორდინატორი, საქართველოში ვიზიტს 20 იანვარს დაასრულებს.