საზოგადოება
სამართალდამცველები ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ak8„სახალხო კრების“ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დაშლისას დაკავებულთა და დაზარალებულთა შორის ჟურნალისტებიც აღმოჩნდნენ. მთელი ღამის განმავლობაში რამდენიმე საინფორმაციო საშუალება პერიოდულად ავრცელებდა ინფორმაციას საკუთარი ჟურნალისტების მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფისა და შესაბამისი აღჭურვილობის წართმევის ან დამტვრევის შესახებ. მათ შორის აღმოჩნდნენ თითქმის ყველა საინფორმაციო სააგენტოს თანამშრომლები, რომელთა ნაწილს რეზინის ტყვია მოხვდა, ნაწილი კი სამართალდამცველებს ძირს ჰყავდათ დაგდებული და უმოწყალოდ სცემეს. რამდენიმე დაშავებული ჟურნალისტი დააკავეს, განყოფილებაში მათ სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი მიაყენეს, თუმცა მოგვიანებით მოუბოდიშეს და გამოუშვეს.

აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანს პრესის წარმომადგენლის დამადასტურებელი საბუთი ჰქონდა, თუმცა, როგორც თავად ჰყვებიან, სამართალდამცველებმა მათ ყველანაირი საბუთი და პირადი ნივთები წაართვეს და სასტიკად გაუსწორდნენ.

„სახალხო კრების“ პრესსამსახურის თანამშრომელს, ჟურნალისტ ალეკო ჩუბინიძეს, სასამართლომ ადმინისტრაციული სასჯელის სახით ერთთვიანი პატიმრობაც კი შეუფარდა, თუმცა რა ბრალდებით გაასამართლრეს ჟურნალისტი, აქამდე უცნობია.

აღსანიშნავია, რომ წუხანდელი ინციდენტის დროს სამართალდამცველებმა რამდენიმე რუსი ჟურნალისტიც დააკავეს, რომელთა ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია.

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“ გმობს ჟურნალისტების მიმართ მსგავსი ქმედებების განხორციელებას და მათთვის პროფესიული მოვალეობების შესრულების დროს ხელის შეშლის ფაქტებს!