საზოგადოება
იენს სტოლტენბერგი: 2008 წელს გადავწყვიტეთ, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატო-ს წევრები, მაგრამ კონკრეტული დრო არ გვითქვამს

 საქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. 2008 წელს ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატო-ს წევრები, მაგრამ კონკრეტული დრო არ გვითქვამს, – ამის შესახებ განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გამოცემა „ლა რეპუბლიკასთან“ ინტერვიუში გააკეთა.

„უკრაინამ უკვე მოგვმართა გაწევრიანების თხოვნით და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. მხარს ვუჭერთ რეფორმების პროცესს, ვეხმარებით ჯარის მოდერნიზაციაში, რომ მან უპასუხოს ნატო-ს სტანდარტებს. 2008 წელს ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატო-ს წევრები, მაგრამ არ გვითქვამს, კონკრეტულად როდის“, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის დათმობის ხარჯზე კომპრომისზე არ წავა.

იენს სტოლტენბერგმა მიმდინარე კვირაში რუსეთთან გამართული მოლაპარაკებების პროცესზეც ისაუბრა. ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, მოლაპარაკების პროცესი საკმაოდ რთული იყო და ის რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. სტოლტენბერგის განცხადებით, ორივე მხარემ ისაუბრა საკუთარი შეშფოთების მიზეზებზე. ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, რუსეთთან ამ ფორმატში შეხვედრა ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად გაიმართა, რაც მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია არსებული სიტუაციის გათვალისწინებით.