საქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს მასშტაბით, 31 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში სოციალური მომსახურების სააგენტოს 400-მდე თანამშრომელი ხელფასების გაზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით ორშაბათიდან გაიფიცება.
სააგენტოსთან და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან დაახლოებით 4-თვიანი უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ თანამშრომლებმა გაფიცვის შესახებ დღეს ოფიციალური განაცხადი წარადგინეს.
დამოუკიდებელმა პროფკავშირმა „სოლიდარობის ქსელმა“, რომელიც თანამშრომლებს დახმარებას უწევს, 12 ოქტომბერს მოთხოვნათა 9 პუნქტი გამოაქვეყნა, რომელთა შესრულებასაც სააგენტოს თანამშრომლები ითხოვენ. მათ შორის არის – სოციალური აგენტებისა და უფროსი სოციალური აგენტების, ასევე სპეციალისტების, უფროსი სპეციალისტებისა და მთავარი სპეციალისტების ყოველთვიური ხელფასების 100%-იანი ზრდა.
სოციალური აგენტისა და უფროსი სოციალური აგენტის ყოველთვიური ანაზღაურება 250 და 550 ლარს შეადგენს. ამასთან, სოციალური აგენტის მიერ თითოეულ საქმეზე დამატებითი ანაზღაურება 6 ლარს შეადგენს, რომლის გაორმაგებაც ასევე მოთხოვნათა ნუსხაშია.
„სოლიდარობის ქსელის“ წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრა, რომ 450-600 ლარს შორის მერყეობს სპეციალისტების ყოველთვიური ანაზღაურება. პროფკავშირის ინფორმაციით, ეს მონაცემები 2007 წლის შემდეგ არ გაზრდილა.
თანამშრომლები სააგენტოსგან ითხოვენ, რომ რეგიონებსა და რაიონულ განყოფილებებში მომუშავე სპეციალისტების ხელფასები დედაქალაქში მათივე კოლეგების ხელფასებს გაუთანაბრდეს.
მოთხოვნებში ასევეა ხელფასებში წლიური ინფლაციის გათვალისწინება; სამსახურთან დაკავშირებული მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება; დამატებით შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება.
თანამშრომლები სააგენტოსგან პროფესიულ კავშირთან შრომის კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებას, ასევე სააგენტოში თანამშრომელთა დამატებას ითხოვენ. მათივე მოთხოვნით, იმ შემთხვევაში, თუკი რეორგანიზაციის შედეგად, მთავარი სპეციალისტის (იურისტი) შტატის შემცირდება, ისინი შესაბამის პოზიციაზე იმავე ან სხვა განყოფილებებში უნდა გადაიყვანონ.
ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, გაფიცვა იმიტომ გადაწყვიტეს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტო და ჯანდაცვის სამინისტრომ საკუთარი თანამშრომლები არაფრად ჩააგდო.
„სამოქალაქო საქართველო“ კომენტარისთვის ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში პასუხის გაცემა არ ისურვეს.
გაფიცვის გამოცხადებას წინ 2021 წლის 23 სექტემბერს სოციალური მომსახურების სააგენტოს 246 თანამშრომლის მიერ სააგენტოს მიმართ 11-პუნქტიანი მოთხოვნათა ნუსხის წარდგენა და კოლექტიური შრომითი დავის დაწყება უძღვოდა.
ოქტომბერში „ღირსეული შრომის პლატფორმამ“, რომელიც 5 არასამთავრობო ორგანიზაციასა და რამდენიმე დამოუკიდებელ პროფკავშირს აერთიანებს, სააგენტოს თანამშრომელთა „უკიდურესად მძიმე შრომითი პირობების“ აღიარების, ასევე სოციალური დაცვის სისტემაში კრიზისული სიტუაციის თავიდან ასაცილებლად „დროული ქმედითი ნაბიჯების“ გადადგმისკენ მოუწოდა და გაფიცვის ალბათობაზე მიანიშნა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები იმავე მოთხოვნებით 2019 წლის მარტშიც გაიფიცნენ. საქართველოს მასშტაბით ასზე მეტი სოციალური მუშაკი სამუშაო ადგილებს 8-დღიანი პროტესტის შემდეგ დაუბრუნდა და თქვა, რომ იზიარებს „საკუთარ მნიშვნელობას და პასუხისმგებლობას ბენეფიციარების წინაშე“. მაშინ მათი მოთხოვნათა „უმნიშვნელოვანესი ნაწილი“ შეუსრულებელი დარჩა.
სოციალური სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, სამინისტროსგან სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების მატებას წლების განმავლობაში ითხოვენ მედდებიც.
შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, 2021 წელს საქართველოში არაერთი გაფიცვა მოეწყო, რომელთა დიდი ნაწილიც მოთხოვნათა სრული ან ნაწილობრივი დაკმაყოფილებით დასრულდა.
მათ შორის არის „რუსთავის აზოტის“ მუშაკთა გაფიცვა, შედეგად მათ ხელფასები გაუზარდეს. ნაწილობრივ დააკმაყოფილეს ჭიათურის მაღაროელთა მოთხოვნებიც. წარმატებული აღმოჩნდა კომპანია „ბორჯომისა“ და ბათუმის პორტის თანამშრომელთა გაფიცვაც.