საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე სიტყვით გამოვიდა. დღევანდელ დღესთან დაკავშირებული გამოსვლის დაწყებამდე პრეზიდენტმა მოკლე განცხადება გააკეთა წუხანდელ დარბევასთან დაკავშირებით.
„ქვეყნის გარეთ დაწერილი სცენარით ხდებოდა დღევანდელი აღლუმის ჩაშლის, საბოტაჟის და მასობრივი არეულობების მცდელობა. უნდა ვიყოთ ფხიზლად! ჩვენ გავუზიარებთ ჩვენს ხალხს ყველა იმ ცოდნას და ინფორმაციას, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია და გაგვაჩნია, სამწუხაროდ, ბევრი ცუდი ინფორმაცია. ჩვენთვის წმინდათაწმინდა ღირებულება არის სიტყვის თავისუფლება, თუმცა სიტყვის თავისუფლებასთან იმას, რაც ხდებოდა ბოლო დღეებში, არაფერი საერთო არ აქვს. მათ სურდათ და სურთ ძალადობა და მსხვერპლი და ვინაიდან გუშინ ვერ მოახერხეს მსხვერპლის სასურველი რაოდენობის მიღწევა, პირველებმა გაქუსლეს აქედან, გზაში გადაუარეს რამდენიმე ადამიანს და, სამწუხაროდ, ორი ადამიანი დაიღუპა. მე მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო მათ ოჯახებს“, – განაცხადა სააკაშვილმა.მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება უკან არ დაიხევს, იქნება ფხიზლად და მტრის ყველანაირ პროვოკაციას საკადრის პასუხს გასცემს.
აღსანიშნავია, რომ აღლუმზე იმყოფებიან პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, პრემიერი ნიკა გილაური, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი დევი ჭანკვეტაძე. აღლუმს ესწრებიან წმინდა სინოდის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. თუმცა აღლუმს არ დასწრებია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე . არ ჩანს არც დიდი ლიდერების მილოცვა დღევანდელ დღესთან დაკავშირებით. გარდა ამისა, აღლუმზე დასწრების უფლება არ მიეცათ რიგით მოქალაქეებს.
შსს-ის სპეცდანიშნულების რაზმი რუსთაველის გამზირის ყველა მიმდებარე ქუჩაზეა განლაგებული და მოქალაქეებს აღლუმზე დასწრების საშუალებას არ აძლევს, რაც არცერთი სხვა აღლუმის დროს არ მომხდარა. ეს ფაქტი კი, ალბათ, იმის მაჩვენებელია, რომ მთავარსარდალი და ხელისუფლება აღლუმს თავისთვის ატარებს.