სამართალი
Human Rights Watch-ის ახალი ანგარიში საქართველოში 2021 წელს განვითარებულ მოვლენებს ასახავს

 საქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, Human Rights Watch-მა 13 იანვარს ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის ერთი თავიც საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით 2021 წელს განვითარებულ მოვლენებს ასახავს.

საქართველოს შესახებ თავი რიგ საკითხებს მიმოიხილავს, მათ შორისაა – სამართალდამცაველთა მიერ ჩადენილი დანაშაულების არასათანადო გამოძიება, თავდასხმები ჟურნალისტებზე, მედიის თავისუფლების კლება, ძალადობა ლგბტ+ ადამიანების წინააღმდეგ, პოლიციელთა ჩარევა შეკრების თავისუფლებაში, ბავშვების ინსტიტუციონალიზაცია და შრომის პირობების უსაფრთხოების უგულებელყოფა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2021 წელს „სამართალდამცაველთა დაუსჯელობა მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების შემთხვევებზე გადაუჭრელ პრობლემად დარჩა“. დოკუმენტის თანახმად, სახალხო დამცველის სამსახურმა 133 საჩივარი მიიღო ციხის პერსონალის თუ პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის თაობაზე და „ყველა ამ შემთხვევაზე გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს – დამოუკიდებელ ინსტიტუტს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს წარმომდგენლების მიერ ჩადენილ დანაშაულებს იძიებს“.

ანგარიში 2021 წლის თებერვალში მომხდარ მოვლენებსაც მიმოიხილავს, როდესაც პოლიციამ 20-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა, რომელთაც პარლამენტის შენობის წინ კარვების დადგმა სურდათ; ძალის გამოყენებით შეიჭრა ნაციონალური მოძრაობის სათაო ოფისში, რათა პარტიის ლიდერი, ნიკა მელია დაეპატიმრებინა; ასევე გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, დააკავა 21 ადამიანი დაუმორჩილებლობის ბრალდებით და ოფისიდან კომპიუტერული სერვერები ამოიღო.

ანგარიში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებას ეყრდნობა, რომლის თანახმადაც, პოლიციის მიერ ოპერაციის დროს განხორციელებული ქმედებები „დაუშვებელია“.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ აპრილში პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რითაც გამკაცრდა სანქციები წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობაზე. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, ცვლილებები „კიდევ უფრო დიდ სივრცეს ხსნის საპოლიციო რეპრესიული მექანიზმებისა და სახდელების თვითნებურად გამოყენებისთვის“.

ანგარიშში ასევე საუბარია 2021 წლის სექტემბერში, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილ ფაილებზე, რომლებიც ძირითადად, შეიცავდა ინფორმაციას სასულიერო პირების შესახებ, თუმცა ასევე ასახავდა ქართველი ჟურნალისტების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, უცხოელი დიპლომატებისა და საჯარო მოხელეების საუბრებს.

ანგარიში ასევე მიმოიხილავს 5 ივლისის ჰომოფობიურ თავდასხმებს, როდესაც ულტრამემარჯვენე ჯგუფები 50-ზე მეტ ჟურნალისტს „დაეხსნენ თავს“. მათ შორის იყო „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავაც, რომელმაც სერიოზული დაზიანებები მიიღო და ექვს დღეში გარდაიცვალა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მართალია ამ ანგარიშის მომზადების მომენტისთვის ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა ჯერ კიდევ არ იყო გამოქვეყნებული, ლაშქარავას ოჯახმა და სამოქალაქო საზოგადოებამ გააკრიტიკა შუალედური დასკვნა, რომლის თანახმადაც, იგი ზედოზირებით გარდაიცვალა.

დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ პოლიცია თავდასხმების დროს ადგილზე იმყოფებოდა, მაგრამ „ძალადობრივი ინციდენტების აღკვეთა ვერ შეძლო“.

აღნიშნა რა, რომ „2021 წელს ჟურნალისტებმა და მედიის სხვა წარმომადგენლებმა უამრავი დაშინება და თავდასხმა განიცადეს“, ანგარიში ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანზე ვახო სანაიაზე თავდასხმას მიმოიხილავს და დასძენს, რომ სასამართლომ თავდამსხმელები დამნაშავედ ცნო და პატიმრობა ზუსტად იმ ვადით შეუფარდა, რამდენიც უკვე წინასწარ პატიმრობაში ჰქონდათ გატარებული.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ივლისში ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტს უსიამოვნო კითხვების პასუხად „მიკროფონი წაგლიჯა და აღარ დაუბრუნა“.

ჰომოფობიური თავდასხმა ანგარიშში კიდევ ერთხელაა ნახსენები და უფლებადამცველი ორგანიზაცია ულტრამემარჯვენე ძალების მიერ 5 ივლისს „თბილისი პრაიდისა“ და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისებში ძალადობრივად შეჭრას იხსენებს.

„მათი უსაფრთხოებისა და შეკრების თავისუფლების დაცვის ნაცვლად, ხელისუფლებამ პრაიდის ორგანიზატორები და მონაწილეები დაადანაშაულა“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „მიზანშეუწონლად“ გამოაცხადა საჯარო ადგილას „პრაიდის“ დემონსტრაციის გამართვა, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე გააფრთხილა ორგანიზატორები, არ ჩაეტარებინათ რუსთაველის გამზირზე ასეთი მარში. მოგვიანებით, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა 5 ივლისს დაგეგმილი „ღირსების მარში“ გააუქმეს.

დოკუმენტის თანახმად, ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე 27 პირის დაკავების მიუხედავად, ხელისუფლება კრიტიკის სამიზნე გახდა იმის გამო, რომ „ძალადობის არცერთი ორგანიზატორი არ დაუსჯია“.

ანგარიშში ნათქვამია, რომ მარტში ხელისუფლებამ პირველად დაუშვა სქესის სამართლებრივი აღიარების პრეცედენტი, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ ადამიანმა სქესის შეცვლის ოპერაციის დამადასტურებელი საბუთი წარადგინა. ორგანიზაციის თქმით, ამგვარი საბუთის წარდგენის მოთხოვნა სერიოზულ ბარიერებს უქმნის ტრანსგენდერ ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

დოკუმენტში ასევე საუბარია საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ ნინოწმინდის პანსიონზე, სადაც სახალხო დამცველს ორჯერ უთხრეს მონიტორინგის ჩატარებაზე უარი. სახალხო დამცველმა გაასაჯაროვა ინფორმაცია ნინოწმინდის პანსიონში ბავშვებზე ფიზიკური და სექსუალური ძალადობის სავარაუდო ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარე 4 სისხლისსამართლებრივი გამოძიების შესახებ. მოგვიანებით, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ამ დაწესებულებიდან ბავშვების გაყვანის თაობაზე.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ივლისში თბილისის საქალაქო სასამართლომ სიღარიბის გამო ბავშვების ოჯახისგან დაშორება უკანონოდ ცნო. არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ამ გადაწყვეტილებას „უპრეცედენტო“ უწოდა.

რაც შეეხება პოლიტიკურ მოვლენებს, ანგარიშში ნათქვამია, რომ ოპოზიცია არ დაეთანხმა 2021 წლის ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების შედეგებს და მოსახლეობას ქუჩის პროტესტისკენ მოუწოდა. საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებებზე დაყრდნობით, ორგანიზაცია აცხადებს, რომ არჩევნები ტექნიკურად კარგად ადმინისტრირებული იყო, მაგრამ „ამომრჩევლებზე ზეწოლის, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და უთანასწორო პირობების შესახებ ბრალდებებმა პროცესი დააზიანა“.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ არჩევნებს წინ უძღვოდა ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის 19 აპრილს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების ხელმოწერა, რასაც 2020 წლის საპარლამენტო ბოიკოტის დასრულება მოჰყვა. ანგარიშის თანახმად, ივლისში „ქართულმა ოცნებამ“ შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განაცხადა და მიზეზად ხელშეკრულების ხელმოწერაზე ნაციონალური მოძრაობის უარი დაასახელა.

ამას გარდა, ორგანიზაციის თქმით, 2021 წლის არჩევნებს წინ უძღვოდა საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავება.

შრომით უფლებებთან დაკავშირებით ორგანიზაცია აცხადებს, რომ შრომითი კანონმდებლობის ძირეული ცვლილებების მიუხედავად, რომელიც ძალაში 2021 წლის 1 იანვრიდან შევიდა, „პრობლემად რჩება სათანადო სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სოციალური დაცვა მინიმალურია, პროფკავშირებს არა აქვთ იურიდიული გარანტიები, რაც მათ სისტემურ ცვლილებებზე ეფექტიანი მოლაპარაკებების წარმართვის შესაძლებლობას მისცემდა. „შრომის ინსპექციის“ თანახმად, 2021 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით 20 ადამიანი დაიღუპა და 189 დაშავდა სამუშაოს შესრულების დროს.