საქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის მოკავშირეებმა რუსეთთან შეხვედრაზე ევროპულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი წარადგინეს.
სტოლტენბერგის თქმით, მათ შორის იყო გზავნილი, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.
„ძალიან დაძაბული მდგომარეობის გამო, მთავარი საკითხი უკრაინა იყო, მაგრამ ასევე დისკუსიები შეეხებოდა საქართველოსაც. მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ძლიერი მხარდაჭერა და აღნიშნეს, რომ ნატო-ს წევრობის საკითხი ასპირანტი ქვეყნების და მოკავშირეების გადასაწყვეტია და არავის აქვს ვეტოს ან ჩარევის უფლება. ეს ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპებია. ცხადად იყო აღნიშნული, რომ მიუღებელია რუსეთის მოწოდებები ნატო-ს მიმართ, რომ გაფორმდეს იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება ნატო-ს გაფართოების შეჩერებასთან დაკავშირებით საქართველოსთან, უკრაინასთან და სამომავლოდ შესაძლოა, ფინეთისთვის ან შვედეთისთვის. ეს არის მთელი იდეის დარღვევა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თავად განსაზღვროს მომავალი. ეს პრინციპები, რა თქმა უნდა, სრულად ეხება საქართველოსაც. ჩვენ მზად ვართ რუსეთთან დიალოგისთვის, მაგრამ არ წავალთ კომპრომისზე მთავარ პრინციპებზე, როგორიცაა ღია კარის პოლიტიკა და ნატო-ს უფლება, დაიცვას ყველა მოაკავშირე“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.