საქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი. შეერთებულმა შტატებმა ან მხარი უნდა დაუჭიროს რუსეთის მიერ შეთავაზებულ უსაფრთხოების გარანტიებს ან მასზე უარის თქმაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, გლობალური დაძაბულობის შემცირება ამჟამად ვაშინგტონის ქმედებებზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ რუსეთის დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი საკუთარ Telegram არხზე წერს.
მისი თქმით, ვაშინგტონი საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემას ანადგურებს.
„დღეს ვაშინგტონი ჰგავს სპილოს ჭურჭლის მაღაზიაში - ის ანადგურებს საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემას, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში და საფუძვლიანად აშენდა, რათა მეორე მსოფლიო ომის განმეორების თავიდან აცილება მომხდარიყო. შეერთებულმა შტატებმა ცალმხრივად დატოვა ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეთანხმებები, რომლებიც მსოფლიოში სამხედრო და სტრატეგიული ბალანსის შენარჩუნების საშუალებას იძლეოდა“, - აღნიშნა რუსმა დეპუტატმა.
მისი თქმით, შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი აშშ-ის ქმედებებზეა დამოკიდებული.
„შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი, მსოფლიოში დაძაბულობის შემცირება, ახლა აშშ-ის ქმედებებზეა დამოკიდებული. მათ მოუწევთ მხარი დაუჭირონ ჩვენი ქვეყნის მიერ შეთავაზებულ უსაფრთხოების ზომებს, ან აიღონ პასუხისმგებლობა გარანტიების არარსებობის შესაძლო შედეგებზე. ვაშინგტონის პასუხი უნდა იყოს კონკრეტული და დასაბუთებული, პროცესის გაჭიანურების გარეშე“, - წერს რუსეთის დუმის სპიკერი.