საქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 11 იანვარს განაცხადა, რომ მინისტრის პირველ მოადგილედ თამარ მახარაშვილი დაინიშნა, რომელმაც ამ თანამდებობაზე ეკატერინე დგებუაძე შეცვალა. ეს უკანასკნელი განათლების მიმართულებით მუშაობას ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID) გააგრძელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, მახარაშვილი კურატორობას გაუწევს სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადი განათლების მიმართულებას, ასევე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს.
მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე მახარაშვილი 2019 წლიდან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი იყო. მანამდე მას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორის პოსტი ეკავა. ამასთან, იგი დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეც იყო.
მახარაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ფილოლოგიის მაგისტრია აღმოსავლეთმცოდნეობის (ებრაისტი) მიმართულებით.
განათლების სამინისტრო დატოვა მინისტრის კიდევ ერთმა მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა. უწყების ინფორმაციით, იგი პროფესიული უნარების სააგენტოს უხელმძღვანელებს.