როგორც ცნობილია, 2011 წლის 21 მაისს „სახალხო კრების“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია დაიწყო. ორგანიზატორებს აქციის გამართვის ნებართვა 25 მაისის ჩათვლით ჰქონდათ, თუმცა აქციის ლიდერებმა გადაწყვიტეს, არ დაშლილიყვნენ. დღეს, 26 მაისს, 00:15 საათზე, შსს-ის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე სპეცოპერაცია განახორციელეს და აქცია დაშალეს. მათ წყლის ჭავლის გარდა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიებიც გამოიყენეს. აქციის მონაწილეები ალყაში იყვნენ მოქცეული და მათ არცერთი მხრიდან გასვლის საშუალება არ ჰქონდათ, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი დარბევა და სამართალდამცველებმა, ფაქტობრივად, სპეცოპერაცია ჩაატარეს.
რამდენიმე ათეული ადამიანი ხელბორკილდადებული მიწაზე ეგდო, მათი უმრავლესობა დასისხლიანებული იყო. სამართალდაცველებმა ისინი თავისუფლების მოედნის მეტროს სადგურთან მიიმწყვდიეს და სასტიკად სცემეს, ხელკეტებს ურტყამდნენ ჟურნალისტებსაც.ამის შემდეგ რამდენიმე ბორკილდადებული ადამიანი მათ ყვითელ ავტობუსებში ჩასვეს და გამზირიდან გაიყვანეს, რომელიც მთლიანად დაიკავეს სამართალდამცველებმა და სპეცრაზმელებმა. მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც, თუმცა, თავისუფლების მოედანზე შესვლის საშუალება მათ საკმაოდ გვიან მისცეს.
აღსანიშნავია, რომ აქციის ორგანიზატორებმა რუსთაველის გამზირი დარბევის დაწყებისთანავე დატოვეს. კახა კუკავა, თემურ შაშიაშვილი და ლუკა კურტანიძე კინოთეატრ „რუსთაველს“ აფარებდნენ თავს, თუმცა სამართალდამცველებმა ისინი შენობიდან გამოიყვანეს და დასაკითხავად წაიყვანეს. სასტიკად არის ნაცემი კახა კუკავა. რამდენიმე ათეულ დაშავებულ მომიტინგეს, რომლებიც ამ დრომდე რჩებიან რესპუბლიკურ საავადმყოფოში, გადაყვანისას ხელბორკილები ედო.
ინციდენტთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა შსს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა შოთა უტიაშვილმა, რომლის განცხადებით, აქცია სანქცირებული 25 მაისის ჩათვლით იყო და რაც მან არასანქცირებული ხასიათი მიიღო, რაც ხელს დღეისთვის დაგეგმილი სამხედრო აღლუმის ჩატარებას შეუშლიდა, შსს იძულებული გახდა, აქცია დაეშალა.
„00:10 საათზე, მას შემდეგ, რაც „სახალხო კრების" აქციამ არასანქცირებული ხასიათი შეიძინა, პოლიციის თანამშრომლებმა პარლამენტის წინ მდებარე ტერიტორია მომიტინგეებისაგან გაათავისუფლეს. პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დაკავებულ იქნა აქციის რამდენიმე მონაწილე. მიტინგის დაშლის დროს დაშავდა 19 ადამიანი, ხოლო ერთი პოლიციელი გარდაიცვალა, იმ დროს, როდესაც მიტინგის ორგანიზატორთა ესკორტი მაღალი სიჩქარით ტოვებდა აქციის მონაწილეების გასასვლელად გაკეთებულ კორიდორს“, – განაცხადა უტიაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ შსს-ის ოფიციალურ წარმომადგენელს არაფერი უთქვამს მეორე გარდაცვლილზე, ყოფილ პოლიციელ ნოდარ ცხადაძეზე, რომელიც, ასევე, აქციის დარბევის დროს დაიღუპა.