სამართალი
დავით სარალიძის მკვლელობაში კიდევ ერთ ბრალდებულს 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

 საქართველო, 12 იანვარი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის დეკემბერში თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მკვლელობაში კიდევ ერთ ბრალდებულს, გიორგი მენაბდეს გუშინ14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა არასრულოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მას მსჯავრი 1/4-ით შეუმცირდა და სასჯელის საბოლოო ზომად 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

გიორგი მენაბდე სამართალდამცველებმა წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2021 წლის 15 აპრილს დააკავეს. მაშინ შსს-ში თქვეს, რომ გიორგი მენაბდემ ამავე საქმეზე უკვე მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად, დავით სარალიძეს ბასრი საგნის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.

2017 წლის 1 დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარ დაპირისპირებას ორი არასრულწლოვნის – დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სასამართლომ ხორავას ქუჩის საქმეზე პირველი განაჩენი 2018 წლის 31 მაისს გამოიტანა. კერძოდ, საქმეზე ორი ბრალდებულიდან ერთ-ერთი – გუგა ბარბაქაძე ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო, გიორგი ჯანაშია კი – დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში გამტყუნდა. სასამართლომ დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაზე ორივე მათგანი გაამართლა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას საზოგადოების ფართომასშტაბიანი პროტესტი და მაშინდელი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან გადადგომა მოჰყვა.

უკვე მეორე ინსტანციის სასამართლოში საქმის შვიდთვიანი განხილვის შემდეგ, 2019 წლის ივნისში თბილისის სააპელაციო სასამართლომ გიორგი ჯანაშიას ბრალი დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობიდან – ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობით გადაუკვალიფიცირა და მას სასჯელის სახით 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი გამამტყუნებელი განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული მიხეილ კალანდიას მიმართ 2020 წლის 25 თებერვალს გამოიტანა და მას ასევე 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.