სამართალი
სოხუმის არეულობის საქმეზე სულ ცოტა ოთხი პირია დაკავებული

 ​საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. აფხაზეთის „პროკურატურამ“ 8 იანვარს განაცხადა, რომ სოხუმში ასლან ბჟანიას ადმინისტრაციის წინააღმდეგ 21 დეკემბერს მომხდარი არეულობის საქმეზე ოთხი პირია დაკავებული.

დაკავებულებს – რამაზან ჯოფუას, ანრი ინაპშბას, ბესლან ცვიჟბას და ასლან ტანიას – მასობრივ დარბევებსა და ხელისუფლების წინააღმდეგ ძალადობაში ედებათ ბრალი.

„პროკურატურამ“ ასევე განაცხადა, რომ აფხაზეთის „უშიშროების სამსახური“ და „შინაგან საქმეთა სამინისტრო“ არეულობაში მონაწილე სხვა პირების წინააღმდეგ გამოძიებას განაგრძობენ.

იმავდროულად, ოპოზიციის მხარდამჭერი მედია იუწყება, რომ 21 დეკემბრის მოვლენებთან დაკავშირებით ასევე დააკავეს მეხუთე პირი, ბაგრატ სურმავა. ასევე ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია მეექვსე დაკავებულის შესახებ.

აფხაზეთის სახალხო-პატრიოტულმა კავშირმა, რომელიც 21 დეკემბრის საპროტესტო აქციის ორგანიზატორი იყო, 8 იანვარს დაგმო დაკავებები და მას „უგუნური და წინდაუხედავი ქმედება“ უწოდა.

სახალხო-პატრიოტულმა კავშირმა განაცხადა, რომ „ცინიკურია“ ოპოზიციის აქტივისტების დაკავება ბჟანიას „რეჟიმის“ მიერ 9 იანვრის წინა დღეს – იმ დღეს, როდესაც ორი წლის წინ მაშინდელი ოპოზიციის ლიდერის ასლან ბჟანიას მხარდამჭერები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ, რამაც საბოლოოდ მის ხელისუფლებაში მოსვლას შეუწყო ხელი.

სწორედ ბჟანია და მისი მხარდამჭერები იყვნენ, რომლებიც ექვსი წლის განმავლობაში სინდისის ქენჯნის გარეშე ანჯღრევდნენ სახელმწიფო ხელისუფლებას… ეს ის ხალხია, რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლის პირველი დღიდანვე ცინიკურად უგულებელყოფდნენ აფხაზეთისა და აფხაზური საზოგადოების ყველა დაწერილ თუ დაუწერელ კანონს“, – განაცხადა კავშირმა.

9 იანვარს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, სახალხო-პატრიოტული კავშირის ერთ-ერთმა ლიდერმა ახრა ბჟანიამ, ასევე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა – გივი კვარჩიამ და გარი კოკაიამ ხელისუფლებაზე ზეწოლის ყველა პოლიტიკური მეთოდის გამოყენების პირობა დადეს.

ახრა ბჟანიამ განაცხადა, რომ პოლიტიკური ოპონენტების დაკავებით, ასლან ბჟანიას ადმინისტრაცია რეგიონის ლიდერის სადავო ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობას შეეცადა.

ესენია ენერგეტიკის გაყიდვა, საცხოვრებლის გაყიდვა, სანაპირო ზონების გაყიდვა“, – აღნიშნა მან, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა ბჟანიას გეგმები რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზეთის ქონების მიყიდვის თაობაზე.

დეპუტატმა კვარჩიამ განაცხადა, რომ ორი დაკავებული – ჯოფუა და ინაპშბა – მისი თანაშემწეები არიან. აღნიშნა რა, რომ ორივე პროცედურული დარღვევებით დააკავეს, კვარჩიამ განაცხადა, რომ მისი თანაშემწეები „სუვერენიტეტის, ენერგეტიკისა და უძრავი ქონების საკითხებზე“ არსებული პოზიციების გამო დააკავეს.