საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, მირჩა ჯოანასთან. საგარეო უწყების ინფორმაციით, საუბრისას განხილულ იქნა რუსეთსა და ნატო-ელ მოკავშირეებს შორის დაწყებული მოლაპარაკებების პროცესი ევროპულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
„გენერალური მდივნის მოადგილის მიერ აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოდგენილი შეთავაზებები ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით შეიცავს დებულებებს, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის ნატო-ს ფუნდამენტურ პრინციპებთან და ფასეულობებთან და რომ დაუშვებელია სუვერენული ქვეყნების საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში მესამე ქვეყნების მსგავსი ჩარევის მცდელობები.
ასევე გენერალური მდივნის მოადგილემ დაადასტურა ალიანსის ურყევი მხარდაჭერა ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წვერი.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ აქტიურ კონსულტაციებს და პოზიციების კოორდინაციას დიპლომატიური არხების მეშვეობით და ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ექნებათ შეთანხმებული მიდგომები“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.