საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. ყაზახეთის სახელმწიფოს, რომელმაც არაერთხელ დაამტკიცა თავისი კეთილგანწყობა საქართველოს მიმართ, დღეს რთული პერიოდი უდგას. ახალი 2022 წელი ტრაგიკულად დაიწყო ყაზახი ერისათვის. ამ ფონზე სრულიად მიუღებელია ნაჩქარევი განცხადებები და კომენტარები, რომლებიც საქართველოში კეთდება. ნაცვლად ყაზახეთის დემოკრატიაზე ფარისევლური ზრუნვისა, სჯობს, რეალობა დავინახოთ და დასკვნები ისე გავაკეთოთ. რეალობა კი ასეთია:
ყაზახეთის მოქალაქეები აბსოლუტურად თავისუფალი ადამიანები არიან და პროტესტის თავისუფლად გამოხატვის საშუალება აქვთ. პრეზიდენტმა ტოკაევმა, თავისივე ინიციატივით, უკვე ერთ წელიწადზე მეტია, მოახდინა მიტინგებისა და დემონსტრაციების გამართვის მარეგულირებელი კანონმდებლობის ლიბერალიზაცია. სწორედ ამ უფლებით ისარგებლა ხალხმა რესპუბლიკის დასავლეთ რეგიონებში, პირველ ყოვლისა, მანგისთაუს მხარის ქალაქ ჟანაოზენში, როდესაც 2 იანვარს საპროტესტო მიტინგები დაიწყო. ამ გამოსვლებს სერიოზული მიზეზი ჰქონდა - ახალი წლიდან თხევად გაზზე ფასების გაორმაგება, რაც, თავის მხრივ, საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნებმა განაპირობა. 2021 წელი ენერგოშემცველებზე ფასების მკვეთრი ზრდით აღინიშნა მთელ მსოფლიოში და როდესაც ყაზახეთის მწარმოებლებმა თხევადი გაზი საერთაშორისო ბირჟაზე გაიტანეს, ამან ავტომატურად გამოიწვია ფასების გაორმაგება შიდა ბაზარზე.
პრეზიდენტმა ტოკაევმა, რომელმაც „მსმენელი სახელმწიფოს“ პრინციპი დაამკვიდრა მმართველობაში ანუ პრინციპი, როდესაც სახელმწიფო ხალხის აზრს ისმენს და ითვალისწინებს, უმალ მოახდინა რეაგირება 2 იანვარს დაწყებულ პროტესტებზე. პრეზიდენტის დავალებით, მთავრობამ საკითხი განიხილა და უკვე 4 იანვარს დაადგინა, რომ ყაზახეთის მოქალაქეები თხევად გაზს ისევ ძველი ფასით - ლიტრში 50 ტენგეს სანაცვლოდ, შეიძენენ, რის გარანტადაც მთავრობა დადგა. ხელისუფლებამ გაათავისუფლა 2-4 იანვარს დაკავებული ყველა მოქალაქე, რომელთაც ბრალი ედებოდათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებში, დემონსტრაციებზე გამოვლენილი ზედმეტად აქტიური ქმედებების გამო. გარდა ამისა, დაიწყო იმის შემოწმება, თხევად გაზზე ახალი ფასების დადგენისას ხომ არ ჰქონდა ადგილი ფარულ გარიგებებს, თხევადი გაზის რეალიზატორთა შორის.
ბუნებრივია, რომ საპროტესტო ტალღა მალევე დაცხრებოდა და ხალხი ჩვეული ცხოვრების რიტმს დაუბრუნდებოდა, რომ არა პროვოკატორები, რომელთაც შეგნებულად დაიწყეს დეზინფორმაციების გავრცელება და დაუყოვნებლივ გადავიდნენ ძალადობრივ ქმედებებზე. ამ ყველაფერმა დაბნეულობა გამოიწვია და ვითარება დაიძაბა. ქალაქ აქტაუსა და ქალაქ ალმატიში გამოსული მშვიდობიანი მომიტინგეები კრიმინალურმა ელემენტებმა ჩაანაცვლეს, მათ კი ისლამისტი ექსტრემისტები აჰყვნენ, რომლებიც გარე ძალებმა მოამზადეს. ეს ყველაფერი კოორდინირებული აღმოჩნდა ე. წ. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მიერ, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს ყაზახეთის სახელმწიფოს დემოკრატიული მოწყობა.
დიახ, ყაზახეთის ხელისუფლებას თუ რაიმეში დავადანაშაულებთ, ესაა ზედმეტი დემოკრატია და არა ანტიდემოკრატიულობა, როგორც ამას ავრცელებენ საქართველოში არაკეთილისმსურველები. ყაზახეთის ხელისუფლებას ძირშივე, კარგა ხნით ადრე უნდა აღეკვეთა მსგავსი არასამთავრობო ორგანიზაციები და უხეშად შეეზღუდა ექსტრემისტული იდეოლოგიების არაფორმალური გავრცელება. ასევე უფრო მძაფრი ზომები უნდა გაეტარებინა კრიმინალის მიმართ. მაგრამ იმაში ვერ დავდებთ ბრალს ხელისუფლებას, განსაკუთრებით, პრეზიდენტ ტოკაევს, რომ მათ ყაზახეთი ავტორიტარიზმისკენ ან სულაც დიქტატურისკენ მიჰყავდათ. ეს სიცრუეა. ნეტავ საქართველოში ესმოდეს ხელისუფლებას ხალხის ხმა ისე, როგორც ყაზახეთში ესმის ხელისუფლებას, მაშინ გადავრჩებოდით დენზე, გაზზე, სხვა კომუნალურ მომსახურებებზე ფასების გაუთავებელ ზრდას...
კიდევ ერთი საკითხი, რაც უნდა აღინიშნოს. საქართველოში ზოგიერთებმა წკმუტუნი ატეხეს, როგორ-თუ ყაზახეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია („ო-დე-კა-ბე“) იხმო საშველად და ქვეყანაში რუსული სამხედრო კონტინგენტი შემოუშვაო. დიახ, როდესაც საქმე საერთაშორისო ტერორიზმს ეხება და ამის განცხადების საფუძველი, პრეზიდენტ ტოკაევს, როგორც ჩანს, ჰქონდა, სუვერენულ სახელმწიფოს სრული უფლება აქვს, მიმართოს სამხედრო ბლოკს, რომლის წევრიც თავად არის. ოდეკაბეს და რუსული არმიის კონტინგენტი შეზღუდულია (სულ 3 ათას კაცამდე) და ეს კონტინგეტნტი სტრატეგიულ ობიექტებზე დადგება, ამ ობიექტების დაცვის ფუნქციით. მარტო ბაიკონურის კოსმოდრომი რად ღირს, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მარტო ყაზახეთისთვის და რუსეთისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ამ და მსგავს ობიექტებს, რომლებიც არაერთია ყაზახეთში, განსაკუთრებული დაცვა სჭირდება. სწორედ ამ ფუნქციებს განახორციელებენ რუსი და სხვა მოკავშირეები, ისინი დროის გარკვეულ მონაკვეთზე დარჩებიან ქვეყანაში და მონაწილეობას არ მიიღებენ უშუალოდ ანტიტერორისტულ ოპერაციებში, რომლებსაც ყაზახი სამართალდამცველები და ძალოვანები განახორციელებენ.
10 იანვარი ყაზახეთში გლოვის დღედ გამოცხადდა. გულითადად ვუსამძიმრებ ყაზახ ხალხს და მჯერა, რომ ამ კრიზისიდან ჩვენი მეგობარი სახელმწიფო საბოლოო ჯამში, უფრო გაძლიერებული გამოვა.
გულბაათ რცხილაძე