საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. ნატო-ს გაფართოება უკიდურესად მნიშვნელოვანია ევროპაში სტაბილურობის, მშვიდობისა და დემოკრატიისთვის, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 7 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა უპასუხა შეკითხვას, როგორ აპირებს ნატო უკრაინისა და საქართველოს პრაქტიკული პოლიტიკური მხარდაჭერის გაძლიერებას და რუსეთის დარწმუნებას, რომ მას არ აქვს საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების დაბლოკვის, ვეტოს გამოყენების უფლება; ასევე, დგას თუ არა მომდევნო კვირაში დაგეგმილ შეხვედრაზე ნატო-ს მომავალი გაფართოების, საქართველოსა და უკრაინის საკითხი.
„ვფიქრობ, უნდა გვესმოდეს, რომ ნატო-ს გაფართოება უკიდურესად მნიშვნელოვანია ევროპაში სტაბილურობის, მშვიდობისა და დემოკრატიის თავისუფლებისთვის. ნატო-სა და ევროკავშირის გაფართოებამ ბევრი სარგებელი მოიტანა გასულ ათწლეულში ევროპაში დემოკრატიის გაძლიერების კუთხით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნატო-მ ძალით გააწევრიანა ქვეყნები ალიანსში, ეს იყო დამოუკიდებელი სახელმწიფოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ მათ სურდათ ნატო-ში გაწევრიანება და გარკვეული პროცესის შემდეგ ჩვენ მივიღეთ ახალი წევრები ალიანსში, ამით დავეხმარეთ ევროპას დემოკრატიის დაცვაში. ეს ყველაფერი არის ინდივიდუალური ქვეყნების მიერ მიღებული დამოუკიდებელი, დემოკრატიული გადაწყვეტილებების პატივისცემა.
ჩვენ გასულ წლებში მოვახდინეთ იმის დემონსტრირება, რომ ნატო-ს კარი ღია რჩება, ჩრდილოეთ მაკედონიისა და მონტენეგროს ახალ წევრებად მიღებით. ასევე, ჩვენ ერთგული ვრჩებით ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების. როცა ვსაუბრობთ უკრაინასა და საქართველოზე, ჩვენ ამ ქვეყნებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მხარს ვუჭერთ და ვეხმარებით რეფორმების განხორციელების კუთხით, პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერით და მე მჯერა, რომ ნაწილობრივ მნიშვნელოვანია ამ გზავნილის გაშვება, რომ რეფორმები არის მნიშვნელოვანი ნაწილი, რათა შეესაბამებოდნენ ნატო-ს სტანდარტებს. მაგრამ ასევე ეს საქართველოსა და უკრაინის საზოგადოებებს აძლიერებს. მტკიცე და კარგად ფუნქციური საზოგადოება ნაკლებად მოწყვლადია რუსეთის ჩარევისგან. ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას და საქართველოსთან და უკრაინასთან მუშაობას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე.
პრესკონფერენცია გაიმართა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გამართული ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, სადაც კიდევ ერთხელ ითქვა, რომ ალიანსის პოზიცია ნატო-ს გაფართოებაზე უცვლელი და მტკიცეა. ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, ალიანსი ყოველთვის მზადაა რუსეთის მოსასმენად, თუმცა დიალოგისთვის აუცილებელია მთავარი პრინციპების პატივისცემა. იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო კონსულტაციებს აწარმოებს უკრაინასთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან, ფინეთთან, შვედეთთან და ევროკავშირთან. ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ნატო-რუსეთის დაგეგმილ მოლაპარაკებებამდე რამდენიმე დღით ადრე გაიმართა.